სახალხო დამცველი საზოგადოებრივ მაუწყებელზე: კითხვის ნიშნები არსებობს – რატომ არის საჭირო 11 თვით სხვადასხვა პროგრამის გაჩერება

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არსებობს.

ნანუაშვილის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები აქვს.

„კითხვის ნიშნები არსებობს, თუ რატომ არის საჭირო 11 თვით სხვადასხვა პროგრამის გაჩერება. მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში საკმაოდ აქტიური პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს – საკონსტიტუციო რეფორმა, მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.ზოგადად, საზოგადოებრივ მაუწყებელს, განსხვავებით სხვა მედიისგან, კანონის თანახმად, ვალდებულება აქვს, რომ მოსახლეობას სხვადასხვა საკითხზე ინფორმაცია მიაწოდოს. აქედან გამომდინარე, ამ ვალდებულების შესრულება აუცილებელია”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის განცხადებით, მისი ოფისი საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს აქტიურად აკვირდება.

„იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში, უფრო მეტი ინფორმაცია გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი“, – აღნიშნა ნანუაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ 6 თებერვალს, ტელევიზიის განვითარების სამწლიანი გეგმა წარადგინა.

სამეურვეო საბჭოს მხრიდან გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, საინფორმაციო გამოშვების გარდა, ტელევიზიაში არსებული ყველა გადაცემა დროებით, 2018 წლამდე შეჩერდება.

banner
წინა სტატიაში„ნაზღაიძის ოჯახს ძალიან ბინძური საჩუქარი გაუკეთეს“ – ალეკო ელისაშვილი
შემდეგი სტატია“რუსეთის დამსახურებაა ვიზალიბერალიზაციათქო, არ მითქვამს, ასეთ რაღაცას როგორ ვიტყოდი”- აბაშიძე