სახალხო დამცველი სამართალდამცავებს მოუწოდებს, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისების მიმართ ძალადობები სწრაფად გამოიძიონ

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს დედოფლისწყაროში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით.
როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ ღამით აღნიშნულ შენობას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და მას ოცდაათამდე ტყვია აქვს მოხვედრილი. როგორც ირკვევა, ამავე შენობაში დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის – ზაზა კედელაშვილის ბიუროც არის განთავსებული. მოცემულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
“ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე წლის ოქტომბერშიც განხორციელდა უკანონო ქმედებები, თუმცა, მსგავსი სიმძიმის ძალადობრივი ქმედება ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. სახალხო დამცველი მანამდეც მიუთითებდა, რომ მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა არ გააჩინონ დაუსჯელობის განცდა, დროული რეაგირება იქონიონ თითოეულ ასეთ ქმედებასთან დაკავშირებით და ამ სახით აღკვეთონ მათი სამომავლო განმეორების შესაძლებლობა”, -ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, აწარმოონ სწრაფი და ეფექტური გამოძიება ყველა იმ ძალადობრივ ფაქტზე, რომელებიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისების მიმართ განხორციელდა.
“ამავდროულად, მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს იმ გარემოებას, ხომ არ იყო ეს ქმედებები ჩადენილი სიძულვილის მოტივით. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან უმოკლეს ვადებში უნდა იქნას გამოვლენილი ამ ქმედებებში მონაწილე ყველა პირი, მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. საქართველოს სახალხო დამცველი, საკუთარი ინიციატივით, თვალყურს მიადევნებს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტურობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4030 ლარი გახდა
შემდეგი სტატიამოსკოვში, ტელეცენტრ ოსტანკინოს ეკლიანი ღობე შემოავლეს