სახალხო დამცველი საჯარო სკოლებში წყლის სანიტარული და ჰიგიენური პირობების მდგომარეობის გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს

სახალხო დამცველი საჯარო სკოლებში წყლის სანიტარული და ჰიგიენური პირობების მდგომარეობის გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს, – ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი,

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამის სტრუქტურებს, რათა ქვეყნის ყველა სკოლაში სათანადო რეგულარობით შემოწმდეს წყლის ხარისხი და მიღებული იქნას ყველა საჭირო ზომა საჯარო სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების შეყვანის, წყლის ხარისხის შემოწმებისა და წყლის გაუვნებელყოფის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, აგრეთვე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისადმი და მოითხოვს აღნიშნული პრობლემის როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე გადაუდებელ მოწესრიგებას.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველმა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირისა და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის მიმართვის საფუძველზე საქართველოს საჯარო სკოლებში წყლის ხარისხის მდგომარეობის შესწავლა დაიწყო.

სახალხო დამცველმა სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან 2015–2016 წლებში საჯარო სკოლებში წყლის ხარისხიანობის საკითხის შესწავლის მიზნით ჩატარებული შემოწმების შედეგები მოითხოვა.

სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული პასუხის მიხედვით, 2015–2016 წლებში სააგენტომ საჯარო სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 129 სინჯი გამოიკვლია და 45 სინჯი არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს, რაც სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს და წყლის არაეფექტური გაუსნებოვნებით არის გამოწვეული.

უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ რიგი საჯარო სკოლების შესწავლის შედეგად, ასევე გამოვლინდა სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების მოუწესრიგებლობის პრობლემა.

გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენცია განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას ბავშვის სიცოცხლისა და გადარჩენის, წყლითა და სანიტარული სისტემით უსაფრთხოდ სარგებლობის უფლებაზე, როგორც ბავშვთა კეთილდღეობის პრინციპის განხორციელების აუცილებელ პირობაზე.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი
შემდეგი სტატიასასამართლომ აშშ-ს მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა