სახალხო დამცველი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახახლო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა გამოძიონ ფარული ჩანაწერების უკანონო წარმოებისა თუ გავრცელების როგორც გუშინდელი, ასევე წარსული შემთხვევები და შესაძლებლობის ფარგლებში, საზოგადოებას დროულად აცნობოს მის მიერ მიღებული ზომებისა და გამოძიების შედეგების შესახებ.
”2016 წლის 14 სექტემბერს გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც ასახულია სატელეფონო საუბარი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიასა და პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს შორის. ასეთი შემთხვევები მძიმედ აღიქმება წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჯანსაღი მედიაგარემოსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების განმაპირობებელი ფაქტორების არსებობა.
სამწუხაროა, რომ წინა შემთხვევების დაუსჯელად დატოვება ახალისებს ყოველ მომდევნო ინციდენტს. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ უკვე 187 დღე გავიდა ერთ-ერთი პოლტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებიდან, თუმცა, მიუხედავად ამისა, კვლავ არ არის გამოვლენილი და დასჯილი ყველა ის პირი, რომელსაც ბრალი მიუძღვის აღნიშნულ დანაშაულში, განსაკუთრებით ვიდეო ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით.
საგამოძიებო ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა გამოძიოს ფარული ჩანაწერების უკანონო წარმოებისა თუ გავრცელების როგორც ეს, ასევე წარსული შემთხვევები და შესაძლებლობის ფარგლებში, საზოგადოებას დროულად აცნობოს მის მიერ მიღებული ზომებისა და გამოძიების შედეგების შესახებ.
საქართველოს სახალხო დამცველი ამ შემთხვევაშიც განახორციელებს მონიტორინგს ზემოაღნიშნული ფაქტების გამოძიების მიმდინარეობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირინა იმერლიშვილი : აუცილებლად გასათვალისწინებელია ყველა ის საფრთხე, რომელიც მოდის ჩვენი ოკუპანტი ქვეყნისგან
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი: დარწმუნებული ვართ, რომ ხელისუფლებაში მოვალთ