სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გადაცემა „კაცების დროს“ პრომო გენდერული სტეროტიპების გამყარებას ხელს უწყობს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გადაცემა „კაცების დროს“ პრომო გენდერული სტერეოტიპების გამყარებას ხელს უწყობს.

ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უჩა ნანუაშვილის განმარტებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მიხედვით, მაუწყებელი გაცხადებულად ესწრაფვის დაიცვას საზოგადოებრივი ფასეულობები – პასუხისმგებლობით მოეკიდოს ისეთი საკითხების გაშუქებას, რომლებიც შესაძლოა საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის საზიანო ან შეურაცხმყოფელი იყოს.

„თავაზიანობა და აუდიტორიისადმი პატივისცემა ჟურნალისტებს ავალდებულებს, არ გამოიყენონ დაუფიქრებლად ისეთი სიტყვები თუ ფრაზები, რომლებმაც შეიძლება აუდიტორია შეურაცხყოს. რაიმე წესის დადგენა, რომელი სიტყვა შეიძლება აღმოჩნდეს შეურაცხმყოფელი და რომელი არა, ძალზე ძნელია. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, გამოთქმის ტონზე და იმ კონტექსტზე, რომელშიც სიტყვაა გამოყენებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, სახალხო დამცველის განცხადებით, გავრცელებულ პრომოში ორი მამაკაცი ცენტრალურ ფიგურად გვევლინება, ქალებს კი მხოლოდ ფონის შექმნა ევალებათ, რაც ქალებს დაკნინებულ მდგომარეობაში აგდებს.

„ქალების დაკნინებულ მდგომარეობაში წარმოჩენით ხდება საზოგადოებაში კაცის ცენტრალური როლის ხაზგასმა. მივიჩნევთ, რომ რეკლამა გენდერულად მჩაგვრელ პრაქტიკას ამკვიდრებს და ხელს უწყობს უარყოფითი გენდერული სტერეოტიპების გამყარებას ქალების პროფესიული შესაძლებლობების და მათი განვითარების შესახებ“, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველი საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწოდებს, გადაცემებისა და პრომო რგოლების დამზადებისას ადამიანის პატივის, ღირსებისა და თანასწორუფლებინაობის დაცვას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეეთერით და ინტერნეტით გავრცელდა ახალი გადაცემის „კაცების დრო“ პრომო ვიდეორგოლი, რომელშიც ნაჩვენებია, რომ ქალები დასაქმებულნი არიან, როგორც მკერავები და მათ გვერდით „ზედამხედველივით“ ორი მამაკაცი დგას.

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი: თუ პრეზიდენტი არ იქნება წარმოდგენილი, საკონსტიტუციო კომისიის მნიშვნელობას ეს დააკნინებს
შემდეგი სტატიაჯეჯელავა: რა თქმა უნდა, მთავრობაში არსებულ დაპირისპირებაზე გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტური სიცრუეა