საქართველოს სახალხო დამცველი გორში სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების შემაშფოთებელ კადრებს ეხმაურება. ომბუდსმენი მკაცრად გმობს პოლიციელების მხრიდან გამოვლენილ ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.
როგორც ცნობილი გახდა, საქმეში უკვე ჩაერთო საგამოძიებო უწყება. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.
სახალხო დამცველი პროკურატურას ოპერატიული და უშეღავათო რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„მოვუწოდებთ პროკურატურას, უზრუნველყოს ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება, რათა პასუხისგებაში მიეცეს ყველა პასუხისმგებელი პირი“, — აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.
ამასთანავე, სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ საკუთარი მანდატის ფარგლებში, აქტიურ რეჟიმში გაუწევს მონიტორინგს საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო პროცესებს, რათა არცერთი მოძალადე პოლიციელი არ დარჩეს დაუსჯელი.
















