სახალხო დამცველი განათლების სამინისტროს მიმართავს, სასკოლო სახელმძღვანელოდან სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველი ფრაზები ამოიღოს

სახალხო დამცველმა განათლების სამინისტროს მიმართავს, ბიოლოგიის მე-8 კლასის გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოდან ამოიღოს წამალდამოკიდებული, აივ ინფექციისა და შიდსის მქონე ადამიანების მიმართ სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველი ფრაზები და მსჯელობები.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი წინადადებით მიმართა.

ზოგად წინადადებაში სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ბიოლოგიის სახელმძღვანელოში, წამალდამოკიდებულ ადამიანებთან მიმართებით გამოყენებულია მცდარი ტერმინი „ნარკომანი“, ამასთან, წამალდამოკიდებული ადამიანი აღქმულია, როგორც საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება. სახელმძღვანელოში ასევე ერთმანეთთან არის გაიგივებული აივ ინფექცია და შიდსი და მცდარი ინფორმაციაა მოწოდებული მათი გავრცელებისა და აღნიშნულ დაავადებებთან ბრძოლის შესახებ. სახელმძღვანელოში ასევე ასახულია შიდსით დაავადებული წამალდამოკიდებული პირის „შემზარავი“ ფოტო.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ სახელმძღვანელოში გამოყენებული ფრაზები, მსჯელობა და მცდარი ინფორმაცია ხელს უწყობს წამალდამოკიდებული, აივ ინფექციის და შიდსის მქონე ადამიანების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების და სტიგმის გაძლიერებას და ახალისებს სხვადასხვა სფეროში მათი უფლებების შეზღუდვას დისკრიმინაციული მოტივით.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში გვხვდებოდეს ისეთი გამონათქვამები, რომელიც არასწორ ინფორმაციას აწვდის ბავშვს და კონკრეტულ საკითხზე უქმნის მას ისეთ წარმოდგენას, რამაც შეიძლება წაახალისოს კონკრეტული ჯგუფების მარგინალიზაცია და ხელი შეუწყოს სტერეოტიპული აზროვნების განვითარებას სკოლის ასაკიდანვე.

banner
წინა სტატიაშიიან ჰამაჩეკი: საქართველომ ყველა პირობა შეასრულა, ახლა ჯერი ევროპაზეა
შემდეგი სტატიაე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებული სამი ადამიანი კვლავ ცხინვალის იზოლატორში რჩება