სახალხო დამცველი: ბევრ საკითხზე სრული თანხმობა გვაქვს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მეუფე იაკობთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ბავშვების ინტერესებთან მიმართებით, ბევრ საკითხთან დაკავშირებით სრული თანხმობა აქვთ.

„კითხვა-პასუხი არ ყოფილა, უფრო მეტად იყო ჩვენი შთაბეჭდილებები და საუბრები პანსიონში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

რაც შეეხება პანსიონიდან ბავშვების გაყვანის საკითხს, სახალხო დამცველის თქმით, სოციალური სამსახური აგრძელებს ბავშვების საჭიროებების შეფასებას და გადაწყვეტილებებიც ამის მიხედვით მიიღება.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ სოციალური სამსახური აგრძელებს ბავშვების საჭიროებების შეფასებას და როგორც იქნება გადაწყვეტილი თითოეული ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, ისე განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, ნინო ლომჯარიას განმარტებით, დიდი ზომის პანსიონები არ არის სწორი ბავშვებისთვის, რაზეც ყველა თანხმდება.

„ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ დიდი ზომის პანსიონები არ არის სწორი ბავშვებისთვის, ასევე შევთანხმდით, რომ სახალხო დამცველს, შესაბამის სპეციალისტებს უნდა შეეძლოთ მონიტორინგის განხორციელება. შევთანხმდით იმაზე, რომ ალბათ, მომავალი კვირის ბოლოს ერთად წავალთ პანსიონში, რათა ვნახოთ სიტუაცია, მეც გავესაუბრო ბავშვეს, მოვხსნათ არსებული დაძაბულობა და მივიღე პირობა, რომ ამის შემდეგ ჩვენ უპრობლემოდ განვახორციელოთ მონიტორინგი.

მსოფლიოშიც, ევროპაშიც რელიგიურ დაწესებულებებს აქვთ, მათი მფარველობის ქვეშ არსებობს თავშესაფრები, იქნება ბავშვთა, მოხუცთა, თუ შშმ პირთა. აიტომ ეს აპრობირებული პრაქტიკაა, მთავარია, რომ სახლები შეესაბამებოდეს სტანდარტებს და იქ იყოს გადამზადებული პერსონალი, რომელსაც შეუძლია ბავშვებთან მუშაობა, მათი საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და ღია.

რაც შეეხება გადაკეთებას, სამომავლო განხილვის თემაა, ტერიტორიულად სად შეიძლება იყოს, არსებითად ახალი ტიპის საცხოვრებლებზეა საუბარი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ავტომატურად, ვინც იქ არიან ბავშვები, ყველანი წავლენ. დარჩენილი ბავშვების საჭიროებები შეფასდება და მათი ინტერესებიდან გამომდინარე რაც საჭირო იქნება, ისე მიიღება გადაწყვეტილებები.

ჩვენ არ გვქონია რაიმე არასასიამოვნო თემაზე საუბარი, არ ყოფილა არანაირი დაძაბულობა, ვეცადეთ, რომ დღეს ამოვიდეთ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან დაძაბულობის გაღრმავება მათ აზიანებს, მათ ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცუდად მოქმედებს. იქედან გამომდინარე, რომ პოზიტიური ცვლილებები დაიწყო, და ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მიდის პროცესი, ახლა მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ, რა არის უკეთესი ბავშვებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ დღეს სოციალური აგენტები მუშაობენ და ყოველდღიურად ხდება ბავშვებთან მიმართებით გადაწყვეტილებების მიღება. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი ამბობს, რომ პრემიერის გამოსვლისას მთავრობის მეთაურთან მწვავე კითხვები ექნებათ
შემდეგი სტატიავაშაძე: ვწუხვარ, რომ მიხეილ სააკაშვილი იაფფასიან ტერმინოლოგიებს იყენებს