სახალხო დამცველი ბავშვთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმაურება

სახალხო დამცველი ბავშვთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ეხმაურება და წერს, როომ მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა სიმბოლურ დატვირთვას გასცდეს და სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას მათი უფლებების დასაცავად.

“ამ მნიშვნელოვან დღეს, საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს მსურს ვუთხრა, რომ სახალხო დამცველი ყოველთვის იქნება მათ გვერდით და მათი უფლებების დასაცავად. დღეს, როდესაც არაერთი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში, განიცდის ძალადობას, უგულებელყოფილია ჯანდაცვის, განათლების, განვითარების საჭიროებები, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა გასცდეს სიმბოლურ დატვირთვას და სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას მათი უფლებების დასაცავად”, – წერს სახალხო დამცველი.

ლომჯარია აღნიშნავს, რომ საქართველოში წლების განმავლობაში ვხვდებით ბავშვის უფლებების დარღვევის უმძიმეს ფაქტებს. მისი განცხადებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა მეტი პასუხისმგებლობა და პროაქტიურობა გამოიჩინონ.

ომბუდსმენი წერს, რომ ქვეყანაში ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია:

გადაიხედოს ბავშვთა სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით არსებული პოლიტიკა, იმ სოციალური და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების ეფექტურობა, რაც ხშირად სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების ბაზისურ საჭიროებებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
გაგრძელდეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, გაძლიერდეს სახელმწიფო ზრუნვის სისტემა როგორც ფინანსური, ასევე, ადამიანური რესურსით და სახელმწიფომ უზრუნველყოს დიდი ზომის დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი, მათ შორის, სახალხო დამცველის, როგორც მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოს მიერ.
დროულად შემუშავდეს ძალადობის მსხვერპლი ბავშვების სარეაბილიტაციო პროგრამები, აქტიურად გატარდეს ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციული ღონისძიებები და პასუხისმგებელმა უწყებებმა გააძლიერონ აღნიშნული მიმართულებით ერთმანეთთან დროული და ეფექტიანი კოორდინაციის სისტემა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 676, იმერეთში – 126, აჭარაში – 102
შემდეგი სტატიასაქართველოს სახმელეთო საზღვრები დღეიდან იხსნება