სახალხო დამცველი: არ შეუშალოთ საქმიანობაში ხელი ჟურნალისტებს

საქართველოს სახალხო დამცველი ჟურნალისტებზე თავდასხმების გახშირებულ ფაქტებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისა და
ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევებმა 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდგომ, ფაქტობრივად ყოველდღიური ხასიათი მიიღო და ამაზე სამართალდამცველების მხრიდან დროული რეაგირება ვერ ხდება.

“ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებული და განსხვავებული აზრის მიმართ კიდევ უფრო შეუწყნარებელი გახდა, განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკისრებათ. სამწუხაროდ, მსგავსი ქმედებების დაგმობის ნაცვლად მათი მხრიდან ხშირად ვხედავთ ჟურნალისტების მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას, საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს და ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლის შემთხვევების პოლიტიკურ გამართლებას, რაც ახალისებს ძალადობრივ ფონს მედიის წარმომადგენლების მიმართ.

ამასთან, სამწუხაროდ, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ყველა მსგავს შემთხვევაზე დროული, მკაცრი და ეფექტური რეაგირება არ ხდება. უნდა აღინიშნოს, რომ 5-6 ივლისს ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით ამ დრომდე არ მომხდარა ორგანიზატორი პირების გამოვლენა და მათი პასუხისგებაში მიცემის მიზნით შესაბამისი ზომების მიღება, რაც დაუსჯელობის სინდრომს წარმოშობს.

აღნიშნულის შედეგად საფრთხე ექმნება ჟურნალისტური საქმიანობას, ამასთან უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე ამან შეიძლება მსუსხავი ეფექტი იქონიოს მედის წარმომადგენლებზე და უბიძგოს თვითცენზურისკენ, რაც დააზიანებს მედიის თავისუფლებას.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს თავისუფალი, პლურალისტური და კრიტიკული მედიაგარემოს სასიცოცხლო როლს დემოკრატიული საზოგადოებისთვის ისევე, როგორც მის განსაკუთრებულ ფუნქციას ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის მიმართულებით. სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა დაიცვას ჟურნალისტების, როგორც განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი პირების უფლებები და მიიღოს შესაბამისი ზომები მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის”, – ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ალტ-ინფოს” და ვასაძის “ერის” მხარდამჭერი ჟურნალისტებს თავს დაესხა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – დავიწყებთ მუნიციპალური არჩევნებით, გავაგრძელებთ საპარლამენტოთი, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ყველას ვაჩვენებთ, როგორ უნდა იზრუნო ხალხთან ერთად და აშენო სახელმწიფო