სახალხო დამცველი: ამოღებულია ყველა ვიდეოჩანაწერი – როგორც მედიაზე გასული კადრები, ასევე საჯარო და კერძო ობიექტებზე არსებული ჩანაწერები

ნინო ლომჯარია გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების გამოძიებას ეხმაურება, რომელის ფარგლებშიც სახალო დამცველი საზედამხედველო ფუნქციით არის ჩართული. ლომჯარიამ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით შექმნილ საკონსულტაციო საბჭოსთან პირველი შეხვედრა გამართა და მიმდინარე გამოძიების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

“თითქმის ერთი თვე რაც პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, სადაც ჩვენ ვართ ჩართულები, წარმოდგენილი საზედამხედველო ფუნქციით. ეს საქმე ეხება შსს წარმომადგენლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების შესწავლას. გვაქვს სრული წვდომა მასალაზე. დაახლოებით 11 ვიზიტი განვახორციელეთ პროკურატურაში და ვეცნობით ყოველდღიურ რეჟიმში საგამოძიებო მასალებს. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას გამოძიებაში, ამ ეტაპზე დახლოებით 10 ტომის საქმის მასალის შესწავლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოკითხულია 300 ზე მეტი ადამიანი. პირველადი გამოკითხვები ჩატარდა დაზარალებული პირების, მათ ვისაც ჰქონდათ ფიზიკური დაზიანებები. ასევე გამოკითხულია 50 – მდე ჟურნალისტი და 45 ზე მეტი პოლიციელი და როგორც გვაქს ინფორმაცია ამ კვირაში დაიწყება მაღალი დონის მმართველი რგოლის – პოლიციის შემადგენლობაში მყოფი მენეჯმენტის გამოკითხვები. ამის გარდა, დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზები, ამოღებულია მტკიცებულებები, ტყვიები, ამოღებულია ასევე და დაწყებულია გაშიფვრა ყველა ვიდეოჩანაწერის – მნიშვნელოვანი ნაწილი გაშიფრულია. ამოღებული იქნა როგორც მედიით გასული ვიდეოჩანაწერები, ასევე კერძო და საჯარო ობიექტებზე არსებული ჩანაწერები “, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, სახალხო დამცველის მთავარი რეკომენდაციაა, რომ გამოძიება, მხოლოდ ცალკეული პოლიციელების უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე არ კონცენტრირდეს.

“ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა, გამოძიება არ უნდა კონცენტრირდეს მხოლოდ ინდივიდუალური ფაქტების გამოძიებაზე. მთავარი ამოსავალი და აქცენტი უნდა იყოს ის, რომ დაიხატოს მთელი სურათი თუ რა ვითარებაში გამოიყენა ძალა პოლიციამ და რამდენად შეესაბამებოდა ძალის ეს გამოყენება არსებულ ინსტრუქციებს თუ საკანონმდებლო რეგულაციებს.’’- განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – მინდა, მხარი დავუჭირო ინგა გრიგოლიას
შემდეგი სტატიაზელენსკი: დასავლელი პარტნიორები პუტინთან დარეკვას ეწინააღმდეგებოდნენ