სახალხო დამცველი – ახმეტის ზოგიერთ ბაგა-ბაღში აღსაზრდელებს იატაკზე დაფენილ ლეიბებზე აძინებენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 13, 2018 19:47

სახალხო დამცველი – ახმეტის ზოგიერთ ბაგა-ბაღში აღსაზრდელებს იატაკზე დაფენილ ლეიბებზე აძინებენ

მნიშვნელოვანი

  • ბავშვების საძინებლები განლაგებულია ნესტიან და ავარიულ ოთახებში, სადაც არ არის საკმარისი საწოლები, რის გამოც აღსაზრდელებს იატაკზე დაფენილ ლეიბებზე და სკამებზე აძინებენ

სხვა სტატიები

საქართველოს სახალხო დამცველმა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს საბავშვო ბაგა-ბაღების კეთილმოწყობის მიზნით დროული და კომპლექსური ღონისძიებების გატარების რეკომენდაციით მიმართა.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოფლების – ქისტაურისა და ზემო ხოდაშენის, ასევე ახმეტის N5 და N6 საბავშვო ბაგა-ბაღებში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, მოუწესრიგებელია სასწავლო და სააღმზრდელო გარემო, არ არის უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, ფიზიკურ-ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები.

„კერძოდ: ხშირად, ბავშვების საძინებლები განლაგებულია ნესტიან და ავარიულ ოთახებში, სადაც არ არის საკმარისი საწოლები, რის გამოც აღსაზრდელებს იატაკზე დაფენილ ლეიბებზე და სკამებზე აძინებენ;

ბაღებში მოსაწესრიგებელია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა; ბავშვებსა და თანამშრომლებს საერთო საპირფარეშოები აქვთ; ცხელი წყალი მხოლოდ ზამთარში მიეწოდებათ, ძირითადად კი, აღსაზრდელებს ცივი წყლით უხდებათ ხელის დაბანა;

ერთ-ერთ ბაღში ადმინისტრაციამ რამდენჯერმე დააფიქსირა მღრღნელები, ქვეწარმავლები და მწერები. ზოგადად, ეზოების კეთილმოწყობის პრობლემა ყველა ბაღში დგას;

ბავშვებისთვის არ არის მისაწვდომი საკმარისი რაოდენობისა და უსაფრთხო სასწავლო მასალა, ახალი სათამაშოები და თვალსაჩინოებები;

საბავშვო ბაღებში ძირითადად კადრების სიმცირის პრობლემაა და საჭიროებს აღმზრდელებისა და ძიძების შტატების დამატებას;

არასაკმარისია ბავშვების სააღმზრდელო ჯგუფები და რიგ შემთხვევაში, სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთ ჯგუფში ირიცხებიან, რაც აბრკოლებს ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მიღებას”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ინფორმაციაში.

სახალხო დამცველის რეკომენდაციით, აუცილებელია, გადაუდებლად განხორციელდეს საბავშვო ბაგა-ბაღების ფიზიკური გარემოს კეთილმოწყობა და მოწესრიგება, სათანადო ინვენტარით აღჭურვა და ადაპტირება ბავშვთა საჭიროებების შესაბამისად.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 13, 2018 19:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,476
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics