საკანში ბევრი ვიტირე ამ წერილების წაკითხვისას – მიხელ სააკაშვილი მასწავლებლების წერილებსა და გელა ჩარკვიანზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარი მასწავლებლები და მათ მიერ გაგზავნილი წერილები გაიხსენა.

მიხეილ სააკაშვილმა გელა ჩარკვიანზეც ისაუბრა:

“საქართველო არის ქვეყანა, სადაც მე მასწავლიდნენ ისეთი მასწავლებლები, როგორიც იყვნენ გელა ჩარკვიანი და მარად ჭავჭავაძე. მე ციხეში მივიღე წერილი ჩემი პირველი მასწავლებლისგან, ნინელი თათარაშვილისგან, რომელიც მასწავლიდა შალვა ამონაშვილის ყველაზე ინოვატორული სისტემით პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში და ასევე კლარა ჩხაიძისგან 51-ე სკოლაში, ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისგან და არ დაგიმალავთ, რომ საკანში ბევრი ვიტირე ამ წერილების წაკითხვისას. სხვა არაფერზე არ მქონია ასეთი რეაქცია.

მე ვიცი, რომ გელა ჩარკვიანი იყო სიცოცხლის ბოლო დღეებში პირველი ხელმომწერი ჩემი გათავისუფლების პეტიციის და რა თქმა უნდა, მისი გარდაცვალების ამბავი გავიგე გონების დაკარგვამდე მე-18 დაწესებულებაში ცოტა ხნით ადრე. ესეც ძალიან მძიმე დარტყმა იყო ჩემთვის. გელა ხშირად ამბობდა, რომ მე ვიყავი მის ცხოვრებაში ყევლაზე საუკეთესო მოსწავლე და მე უბრალოდ ჩემს თავს ვუთხარი, რომ ვერ მომეცა საშუალება, მენახა ის და მეთქვა, რომ ის იყო ჩემი ყველაზე საუკეთესო მასწავლებელი.

ისე მოხდა, მისტიკაა რაღაცა, შეიძლება ახლა ამას იმდენი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე, სანამ გავიგე გელას გარდაცვალება, დამესიზმრა პეკინის ქუჩაზე მისი ბინა და თითქოს, ირაკლი ჩარკვიანი, რომელიც ჩემი მეგობარი იყო და ერთად ვიზრდებოდით, მეუბნებოდა, რომ გელა გასულია და ცოტა ხანში დაბრუნდებაო და რამოდენიმე დღეში გავიგე მისი გარდაცვალების ამბავი.

რა შუაშია ეს ყველაფერი, არის ის, რომ ყოველ ღამეს მესიზმრებოდა საქართველო: ბათუმი, აფხაზეთი, ჩემი ეზოს სტადიონი, სადაც ფეხბურთის სათამაშოდ ჩავდიოდი პეკინის ქუჩაზე და სულ უფრო აუტანელი ხდებოდა განცდა, რომ ამ ყველაფერს ვკარგავ მე და ვკარგავთ როგორც ქართველები”,- თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – უკრაინაში მეკავა ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია, სულ მცირე ორჯერ ვთქვი უარი პრემიერ-მინისტრობაზე, გვერდზე გავწიე ფუფუნება, პატივისცემა, ბევრი ადამიანი იტყვის, რომ არ ვარ საღ ჭკუაზე, რამ უნდა აიძულოს ადამიანი, ეს ყველაფერი გვერდზე გადადოს
შემდეგი სტატიასააკაშვილი – ბათუმში ყოფნისას ვხედავდი უჯიშო, გაურკვეველი წარმოშობის, პროვინციელ რუსებს