საკანონმდებლო ორგანოში კვორუმის პრობლემის გადასაჭრელად შედეგი შესაძლოა, ფინანსური სანქციების ამოქმედებამ მოიტანოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში კვორუმის პრობლემის გადასაჭრელად შედეგი შესაძლოა, ფინანსური სანქციების ამოქმედებამ მოიტანოს

როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, გარედან მომზერალი თვალისთვის პარლამენტი კარგად წარმოჩენილი არ იქნება, თუ უწყება იმას ვერ შეძლებს, რომ სხდომები ორგანიზებულად წარმართოს.

დეპუტატი მომხრეა, რომ ქვეყანაში მაღალი დისციპლინისა და სტანდარტების მატარებელი პარლამენტი არსებობდეს.

„გარკვეული პროცედურული ცვლილებები და რეგლამენტის მოთხოვნების მკაცრი დაცვა აუცილებელია იმისთვის, რომ ასეთ შემთხვევებს ადგილი არ ჰქონდეს. შეიძლება ობიექტური გარემოება არსებობდეს, მაგრამ ისეთი ვითარების შექმნა არ შეიძლება, რომ სხდომა ვერ ჩატარდეს. რეგლამენტის ფორმების სწორი გამოყენება მოგვიწევს. ამავე დროს, თუ საჭიროა, რეგლამენტში შესაბამის ცვლილებებზეც უნდა ვიფიქროთ, რომელიც სხდომაში მონაწილეობის პროცედურებს უფრო მეტად გაამკაცრებს. იქ, სადაც ობიექტური გარემოება არ არის, ერთ-ერთი ობიექტური შედეგი შეიძლება ფინანსურმა სანქციებმა და რეგლამენტის დისციპლინარული მეთოდების გამოყენებამ მოიტანოს. ეს ყველაფერი რეგლამენტში იმიტომ წერია, რომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს“, – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა დახურულად გამოცხადდა, რადგან სხდომას დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა არ ესწრებოდა.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური ცენტრი ,,გირჩის” კანონპროექტი ,,სითი პარკთან” დაკავშირებით, იურიდიულმა კომიტეტმა არ მიიღო
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4630 ლარი გახდა