პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, რეგიონული განვითარების მინისტრს კახაბერ გულედანს მოუსმინეს. სამინისტროს, 25 შეკითხვით, ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებმა მიმართეს.
კითხვების ნაწილი სამინისტროს ინსტიტუციურ განვითარებას, რეგიონებში სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობას, მაღალმთიანი დასახლებების სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებს, მთის კურორტებისა და სამთო ტურიზმის განვითარების მიმართულებებს და სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებს შეეხებოდა.
რეგიონული განვითარების მინისტრმა საკუთარი გამოსვლა ინტერპელაციის პროცესის შეფასებით და სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო.
„რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის ინტერპელაცია არის არა მხოლოდ ანგარიშგების ფორმალური პროცესი, არამედ დიალოგის შესაძლებლობა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან. სამინისტრო დამოუკიდებელ უწყებად 10 თვეა, ჩამოყალიბდა. სამინისტროს მიზანი რეგიონული განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფორმირება და განვითარებაა“, – განაცხადა კახაბერ გულედანმა.
მინისტრის თქმით, რეგიონული განვითარების სამინისტროს შექმნით, რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების კუთხით, ახალი ეტაპი დაიწყო. როგორც მან აღნიშნა, რეგიონული საკითხები სხვადასხვა უწყებაში იყო გაფანტული და ცალკე სამინისტროს ჩამოყალიბებით ამ საკითხების ერთიანი კოორდინაცია გახდა შესაძლებელი.
კახაბერ გულედანმა დეცენტრალიზაციის მიზნის შესრულების მიმდინარეობასა და რეგიონების განვითარების ერთიანი სტრატეგიის საკითხებზე ისაუბრა.
„სამინისტრო 2020-2025 წლების სტრატეგიის განხორციელების საბოლოო დოკუმენტის შეფასებაზე აქტიურად მუშაობს, რაც თითოეული მიმართულებით არსებულ მიღწევებს, გამოსასწორებელ ხარვეზებსა თუ გამოწვევებს უფრო ნათლად წარმოაჩენს. სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს დეცენტრალიზაციის მხრივ. კერძოდ, დღგ-ს განაწილების შედეგად, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები მინიმუმ გაორმაგდა, მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში 8 500-ზე მეტი ერთეული ქონება გადაეცა, გაფართოვდა ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები – სამგზავრო გადაყვანის მოწესრიგების, ბუნებრივი რესურსების მართვის, სოციალური და ბავშვის უფლებების დაცვის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში. დარგობრივი კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის 171 საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა.2026 წელს ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პოლიტიკის ახალ დოკუმენტზე დავიწყებთ მუშაობას. დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგიის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერების პროცესის გაგრძელება და პოლიტიკის უწყვეტობის შენარჩუნება იქნება“, – აღნიშნა მინისტრმა.
კახაბერ გულედანმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან „მთის ფონდის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხების ათვისების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოველწლიურად ინფრასტრუქტურული მიმართულებებით, ფონდის ფარგლებში, საშუალოდ 15 მილიონი ლარი გამოიყოფა. მისივე თქმით, 2023 წელს გამოყოფილი თანხის 84%, 2024 წელს – 93% და 2025 წელს – 88% აითვისეს.
მინისტრის განმარტებით, თანხის სრულად ვერ ათვისება პრობლემურ კონტრაქტებს, არშემდგარ ტენდერებს, მთის მკაცრ კლიმატურ პირობებს, რთულ რელიეფსა და სამუშაო გარემოს უკავშირდება. კახაბერ გულედანის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში აუთვისებელი თანხებიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში 450 ათასი ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა. დარჩენილი თანხები მუნიციპალიტეტებში დარჩა, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, მომავალ წლებში დაასრულონ აღნიშნული პროექტები.
რაც შეეხება სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ანაზღაურების საკითხს, მინისტრმა პარლამენტის წევრებს შარშან გურიის რეგიონში დიდთოვლობის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაცემები გააცნო.„2025 წლის თებერვალში გურიის რეგიონში მომხდარი სტიქიის შედეგად, განცხადებებისა და ადგილზე დათვალიერების ოქმების თანახმად, 4456 ოჯახი დაზარალდა. დაზიანების ხარისხის მიხედვით, შესაბამისად 3680 ოჯახს დავეხმარეთ. დახმარებამ 32 655 745 ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე დარჩენილია 776 ოჯახი, რომლის დახმარება გრძელდება. ოჯახების დიდ ნაწილს საკუთრებაში არ ჰქონდა რეგისტრირებული სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლი, რაც შეუსაბამოა კომპენსაციის გაცემასთან. ამიტომ, კომპენსაციის გაცემის დაჩქარების მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მიმდინარეობს საკუთრების რეგისტრაციის პროცესი“, – აღნიშნა კახაბერ გულედანმა.
რეგიონული განვითარების მინისტრის ინტერპელაციის პროცესი კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.
















