საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია. მინისტრმა ადგილზე სამუშაო თათბირი გამართა და თანამშრომლებს დეპარტამენტის ახალი დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი რამაზ თათარაშვილი წარუდგინა. შსს-ს ინფორმაციით, უწყებაში რამდენიმე საკადრო გადაადგილება განხორციელდა.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე პოლიციის პოლკოვნიკი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. თათარაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე სერგი ბზიშვილი შეცვალა.
სერგი ბზიშვილი საქმიანობას სისტემაშივე გააგრძელებს და იგი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციას დაიკავებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახლად დანიშნულ დირექტორს სამართალდამცავ უწყებაში მუშაობის ხანგრძლივი სტაჟი აქვს:
რამაზ თათარაშვილი ამ დრომდე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.















