საჯარო სექტორში დასაქმებულებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2019 წლის 14 დეკემბერს “ქართული ოცნება” მასობრივი შეკრება-მანიფესტაციის გამართვას გეგმავს, – ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ ავრცელებს.

„საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, საჯარო სექტორში დასაქმებულებს სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან და აიძულებენ ამ დღისთვის მობილიზაციას, რათა მოხდეს მათი თბილისში ტრანსპორტირება სპეციალურად უზრუნველყოფილი ავტობუსებით. მუქარისა და ზეწოლის საფუძველზე რამდენიმე საჯარო მოხელემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება უკვე დაწერა.

სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლის თანახმად დანაშაულია „პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე“.

სამსახურების უფროსები უხეშად სცდებიან საკუთარი უფლებამოსილების საზღვრებს, როდესაც ქვეშევრდომებს დამნაშავე ხელისუფლების მხარდამჭერ აქტივიზმში ჩაბმას აიძულებენ. ისინი თელავენ საჯარო მოხელეთა პროფესიულ და ადამიანურ ღირსებას, როდესაც ისეთ დამამცირებელ სამუშაოს აკისრებენ როგორიცაა მობილიზაცია ხელისუფლების ტყუილებისა და დანაშაულების გასამართლებლად.

საჯარო მოხელეებს, ზეწოლის ან სხვა უკანონო ქმედებების შემთხვევაში, მოგიწოდებთ, არ დაწეროთ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით და #სირცხვილიას საორგანიზაციო ჯგუფს დაგვიკავშირდეთ. მოგვწერეთ შეტყობინება ფეისბუქის გვერდზე. არასამთავრობო სექტორის ჩართულობითა და მხარდაჭერით, ჩვენ იურიდიულ დახმარებას აღმოგიჩენთ, რათა სამუშაო ადგილი თავის დამცირების ვალდებულების გარეშე შეინარჩუნოთ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიცქიტიშვილი ანაკლიის კონსორციუმზე-აღიარონ, რომ ვერ ახორციელებენ პროექტს
შემდეგი სტატია“ბოდიშზე არ არის ლაპარაკი, ​კოსაჩოვთან შეხვედრაზე გავრილოვის ინციდენტის გამო წუხილი გამოვთქვი”