საჯარო რეესტრის თავმჯდომარე მსოფლიო ბანკის კონფერენციაში მონაწილეობს

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობს.

კონფერენცია, რომლის თემა მიწის მმართველობა და სიღარიბის დაძლევაა, მიწის მმართველობის სფეროში ერთ-ერთ მთავარ ღონისძიებას წარმოადგენს და მასში მონაწილეობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო, კერძო, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იღებენ.

„მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტი – როგორც წარმატებული რეფორმის მაგალითი“ და „ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოში – რევოლუცია მიწის ადმინისტრირების სფეროში“ – ამ მოხსენებებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერი ელენე გრიგოლია კონფერენციის ორ სხვადასხვა თემატურ სესიაზე წარდგებიან.

აღნიშნულმა მოხსენებებმა საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია და შესაბამისად, კონფერენციის ორგანიზატორებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული მოხსენებებიდან ორივე თემა შეარჩიეს.

მოხსენებას „ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენება საქართველოში – რევოლუცია მიწის ადმინისტრირების სფეროში“, რომელსაც კონფერენციაზე სააგეტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე წარადგენს, საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის ბლოკჩეინის გლობალურ ქსელში ინტეგრირებას მიეძღვნება. საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ ინოვაციას უძრავი ქონების რეგისტრაციაში იყენებს.

მეორე მოხსენებაში „მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტი – როგორც წარმატებული რეფორმის მაგალითი“, მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“, მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის მენეჯერი ელენე გრიგოლია იმ რეფორმას წარადგენს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო და ქვეყანაში მიწის რეგისტრაცია მნიშვნელოვნად გაამატივა. რეფორმის მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა. რეფორმა უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.

მიწის მმართველობისა და სიღარიბის თემაზე მსოფლიო ბანკის რიგით მე-18 კონფერენცია ვაშინგტონში იმართება. კონფერენცია ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა: მიწის მმართველობისა და სოციალურ-ეკონომიკური გავლენის შეფასების კვლევა, მიწის ადმინისტრირების სერვისების მიწოდება, გეოსივრცითი მონაცემების და ტექნოლოგიების გამოყენება, მიწა და ურბანიზაცია, მიწის გამოყენება ინფრასტრუქტურის, ინვესტიციების და კატასტროფების რისკის შემცირების კუთხით, მიწაზე საკუთრების უფლების დაცვა თანასწორობისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე მიწის მმართველობის სფეროში უახლესი მიღწევები და რეფორმები იქნება განხილული.

ვიზიტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ხელმძღვანელებსა და კონსულტანტებს შეხვდება.

კონფერენცია 24 მარტს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების ოჯახის წევრებმა პროკურატურის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს
შემდეგი სტატიამოსამართლე ნაზღაიძის ძმა სტიქიის დროს არ დაზარალებულა და მას უძრავი ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა- “საიას” კვლევა