საჯარო დაწესებულებებს მეტი სტაჟიორის აყვანის შესაძლებლობა ექნება

საჯარო დაწესებულებებში სტაჟიორთა რიცხოვნობის გაზრდის მიზნით პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივა დაამტკიცა – მესამე მოსმენით საკანონმდებლო პროექტი მიიღეს, რომლის შედეგად, საჯარო დაწესებულებებს მეტი სტაჟიორის აყვანის შესაძლებლობა ექნება.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, სტაჟიორთა რიცხოვნობა საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ფრაქცია “ქართული ოცნების“ ცვლილების შედეგად, 10%-იანი შეზღუდვა 20%-ით შეიცვალა.

გარდა ამისა, ანაზღაურებადი ხდება საჯარო დაწესებულებების სტაჟიორთა მივლინების ხარჯები.

როგორც „ქართული ოცნება” განმარტავს, სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მიერ გამოითქვა მოსაზრება სტაჟიორთა დადგენილი რიცხოვნობის გაზრდის თაობაზე. ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ცალკეულ სამინისტროებსა და მათ კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს მიმდინარე წელს დაგეგმილი აქვთ პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდების მაღალ ჩართულობას ითვალისწინებს.

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით უახლოეს მომავალში მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი იწყება, რომელშიც დაახლოებით 20 000 სტუდენტი იქნება ჩართული. აღნიშნული ფესტივალი ყველა ავტორიზებული უნივერსიტეტის სტუდენტს შეეხება. ასევე, გაძლიერდება საბანაკე მიმართულება, იქნება საგრანტო პროექტები, თემატური ბანაკები. ყველა ეს კომპონენტი არის მცდელობა იმისა, რომ ეს სერვისი რაც შეიძლება მეტ სტუდენტს მისწვდეს და რაც შეიძლება მეტი სტუდენტი იყოს ჩართული. ამ პოლიტიკის ფარგლებში, სტუდენტთა სტაჟირება უმნიშვნელოვანესი საკითხია. აღნიშნული ეხმიანება ახალგაზრდული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად განვითარების სურვილს, რაც თანხვედრაშია ახალგაზრდების პროფესიულ ცხოვრებაში ჩართვის ინიციატივასთან. სტაჟიორებისათვის დადგენილი 10%-იანი შეზღუდვის, 20%-მდე გაზრდის შემთხვევაში სტაჟიორთა რიცხოვნობა გაიზრდება, რაც შესაძლებლობას მისცემს საჯარო დაწესებულებებს, სტაჟირების პროგრამა უფრო მეტ ბენეფიციარს შესთავაზონ. სტაჟიორთა რიცხოვნობის ზრდა, არა მხოლოდ აძლიერებს სტუდენტების უნარებსა და ცოდნას, არამედ წარმოადგენს გადამწყვეტ საფეხურს მათ პროფესიულ განვითარებაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საჯარო დაწესებულებები შეიძენენ დამატებით მოტივირებულ ადამიანურ რესურსს, რაც საჯარო უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

banner
წინა სტატიაშიროგორ შეიძლება, ვინმეს პრეტენზია ჰქონდეს იმ ქვეყანასთან, რომელსაც ასეთი გამჭვირვალე ბიუჯეტი აქვს? – ზარქუა
შემდეგი სტატიაჩვენმა უმრავლესობამ პარლამენტში, პატრიოტული და მტკიცე სულისკვეთებით დაამტკიცა და განამტკიცა ქვეყნის დამოუკიდებლობა – რიჟვაძე