საიდან აქვს ყოფილ ხელისუფლებას ფული, რა თამაშს თამაშობენ “ოცნება” და ნაციონალები?

საიდან აქვს ყოფილ ხელისუფლებას ფული, რა თამაშს თამაშობენ “ოცნება” და ნაციონალები, რას ვერ იყოფენ მმართველ გუნდში, რაზეა პასუხისმგებელი საზოგადოება, რატომ არ უნდა მიეცა ხალხს ხელისუფლებისთვის რუსთაველზე გამოსვლის უფლება და სად უნდა აღგვენიშნა დამოუკიდებლობის დღე? _ ამის შესახებ “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი, “დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

_ უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოსახლეობას მინდა მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისს არ ვულოცავ წუპაკმაისტერების ხელისუფლებას, ისინი ამის ღირსნი არ არიან. მათ არც იმის უფლება აქვთ, რომ ჯარისგან ერთგულების ფიცი მიიღონ და არც რუსთაველის გამზირზე უნდა იდგნენ.
26 მაისს განსაკუთრებულად ვულოცავ ჩვენს თანაპარტიელებს, რომლებმაც 2011 წელს თავი დადეს თავისუფლებისა და რეჟიმის მხილებისთვის. ჩვენს სისხლზე მოვიდა ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” და პირველი, რაც გააკეთა, იყო კოჰაბიტაცია იმ რეჟიმის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ქართველების სისხლი დაღვარეს.
ჩვენს სისხლზე მოსულმა ხელისუფლებამ მეორე, რაც გააკეთა, იყო ის, რომ ჩვენ გამოგვიცხადა ბრძოლა. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი “დემოკრატიული მოძრაობის” წინააღმდეგ არის მომართული.
ძალიან კარგია, როცა დამოუკიდებლობის დღეს აღლუმები ტარდება, მაგრამ `ოცნების~ ხელში ამ აღლუმმაც კი კარიკატურის სახე მიიღო. თავად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ზეიმს პროვინციული ელფერი დასდევდა. როდესაც კოლონიალური ფსიქიკის ხელისუფლება გყავს, იქ სხვას არც უნდა ელოდო.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი როცა დაუკრეს, ყველა ტელევიზიამ საქართველოს დიდი მეგობარი სახელმწიფოს დროშა გამოაჩინა, ეროვნული დროშა საერთოდ არ ჩანდა. აი, ეს არის პროვინციალიზმი და კოლონიალური ფსიქოზი.
ეს შეფასება არც ჯარისკაცებსა და არც საზოგადოებას არ ეხება. ასეთი სახე მთავრობამ გამოავლინა.
მოდით, ისიც ვთქვათ, ვინ ჩაიბარა ჯარისკაცების ფიცი. იმ ადამიანმა ჩაიბარა, რომელიც ქართულად ვერ მეტყველებს. როგორ შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტმა სახელმწიფო ენა არ იცოდეს.
მის ქართულს რომ ვუსმენ, ერთი ქართული ფილმი გამახსენდა, სადაც პერსონაჟი ამბობს, როდესაც მამამ პეტერბურგში წაგიღო, ქართული სულ დაგავიწყდა. აი, ასეთი ბაგაჟის ქალია მთავარსარდალი.
პრემიერად ის ადამიანი გვიზის, რომელმაც საკუთარი კეთილდღეობისთვის მშობელ დედას სასამართლოში უჩივლა. ჯარისკაცებისგან მანაც მიიღო ფიცი.
ჯარისკაცებისგან ფიცი მიიღო კულულებიანმა ორფეოსმა _ პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც კანონების წერის ნაცვლად გიტარას ატრიალებს.
თავის გამოსვლაში ე.წ. მთავარსარდალმა გიორგი მერჩულე მოიხსენია, შე კაი დედმამიშვილო, ისტორია თუ გახსოვს, იმაზე რატომ არ რეაგირებ, დავითგარეჯში ისტორიას რომ გართმევენ.
ჯარისკაცები რუსთაველის გამზირზე კი არ უნდა დაეყენებინათ არამედ იქ, საიდანაც საქართველოსთვის წართმეული ტერიტორიები ჩანს. ნაწილი დავითგარეჯში წაეყვანათ და იქ დაედოთ ფიცი.
სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ ერთიც უნდა ვკითხო ამ ქარაქუცა, წუპაკმაისტერ ხელისუფლებას, თქვენ რომ ზეიმობდით დამოუკიდებლობის დღეს, სად იყო ხალხი?!
_ ხალხის არყოფნა თვალშისაცემი და უსიამოვნო სანახავი იყო. რატომ მოიქცნენ ასე?
_ იმიტომ, რომ წუპაკმაისტერები არიან. საგანგებოდ მოწყობილ ტრიბუნებზე მარტო ხელისუფლების წარმომადგენლები ისხდნენ. კიდევ იმ პარტიის ლიდერები ჰყავდათ მიწვეული, რომელმაც 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირი ქართველების სისხლით მორწყა.
იმან, რაც 26 მაისს ვნახეთ, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ამ ხელისუფლებას არაფერი აქვს სახელმწიფოებრივი და პატრიოტული. ისინი არც პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და ასეთი ცრუქაქუნობით აპირებენ ფონს გასვლას.
ეს ყველაფერი არის ჩვენი ბრალი. დავითგარეჯი რამდენიმე აქტივისტის ამარა არ უნდა დაგვეტოვებინა, ყველას გვეხუვლა და რუსთაველზე მივსულიყავით. ჯარისკაცებისთვის გვეთქვა, თქვენ ჩვენი შვილები ხართ, მაგრამ ცოტა ხანს გაჩერდით, ნატოს დროშების ფრიალს მერეც მოასწრებთ.
ჯარისკაცების ადგილი ხალხს უნდა დაგვეკავებინა, დავმდგარიყავით ტრიბუნებთან და ამ სამი ვითომ ლიდერისთვის მოთხოვნა წაგვეყენებინა, გვეთქვა, აქ რა გინდათ, იქ რატომ არ ხართ, სადაც საქართველოს უჭირს.
უკვე რამდენი დღეა, რაც ჭიათურაში მაღაროელები შიმშილობენ. ზოგიერთმა მათგანმა პირიც კი ამოიკერა. ჭარბწონიანი ჩინოსნები კიდევ რუსთაველზე, ჩვენ მიერ დაღვრილ სისხლზე ღიპგადმოგდებულები დგანან და აღლუმს იბარებენ.
აი, ეს უნდა გაგვეკეთებინა და სანამ ხალხი არ ვიაქტიურებთ, ესენი უარესს იზამენ. ერი, რომელიც ირჩევს თახსირ ხელისუფლებას, ის ამ ხელისუფლებისგან კი არ ზარალდება, არამედ მისი თანამონაწილეა. ჯერჯერობით ამ სითახსირის თანამონაწილეები ვართ.
რუსთაველის გამზირიდან ნაციონალები სულ კინწისკვრით უნდა გამოგვეყარა. ადრე გარეთ გამოსვლას ვერ ბედავდნენ, ახლა უკვე ტრიბუნებზე სხედან. არაერთხელ მითქვამს, რომ “ოცნებასა” და ნაციონალებს ერთმანეთი ჰაერივით სჭირდებათ _ ერთმანეთს აცოცხლებენ. ერთად რომ არ იყვნენ, ზუგდიდში სანდრა რულოვსი 42%-ს ვერანაირად ვერ აიღებდა.
მივმართავ ხელისუფლებას, რასაც თქვენ არჩევნებზე ნაციონალებთან ტყუილ ჯაჯგურში ხარჯავთ, ამის 10% ქვეყნის სასარგებლოდ რომ დაგეხარჯათ, არც მცოცავი ანექსია იქნებოდა, ხალხს ჩვენი ტერიტორიებიდან ვერ გაიტაცებდნენ და არც ისტორიულ ძეგლებს წაგვართმევდნენ.
იმ ქვეყნის რა ვთქვი, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი არის მოსიარულე კრეტინი. არ მინდა, ადამიანების მიმართ ასეთი შეფასებები გამოვიყენო, მაგრამ ზალკალიანი სხვა გამოსავალს არ მიტოვებს.
საგარეო საქმეთა მინისტრს ეკითხებიან, დავითგარეჯში რა ხდებაო და ის ამბობს, მედიით გავიგე, რომ იქ თურმე გზა გაჰყავთო.
_ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს ამბავი მინისტრმა სამი დღის დაგვიანებით გაიგო.
_ მაგიტომ ვამბობ, რომ იმ ქვეყნის რა ვთქვი, რომელსაც ასეთი კაცი ეყოლება საგარეო საქმეთა მინისტრად.
_ ზემოთ ახსენეთ ზუგდიდი. პოლიციამ დამოუკიდებლობის აღნიშვნა იქ გადაწყვიტა და მათი მინისტრი გახარიაც იქ იყო. ამას რაიმე სიმბოლური დატვირთვა აქვს თუ ეს სიახლე “ოცნებაში” არსებულ უთანხმოებას უკავშირდება?
_ არ მესმის, რატომ უნდა აღნიშნოს პოლიციამ დამოუკიდებლობის დღე ცალკე. გახარიამ რამე ცალკე ავტონომია შექმნა თუ რა ხდება? შეიძლება, შს მინისტრი პოლიციელებს ფიცის დადების ნაცვლად საყელოს აწევას ასწავლის, ანდა შეიძლება იმის კურსებს გადიან, თუ როგორ ჩააპაჭუნონ სინქრონულად, ერთად თვალი.
მე არ მესმის, რატომ უნდა აღნიშნოს პოლიციამ ცალკე დამოუკიდებლობის დღეს. ასეთი იდეა მხოლოდ `ოცნების~ გენიოსურ ტვინებში შეიძლება მოიხარშოს.
ამ განცალკევების მთავარი მიზეზი ის დაპირისპირებაა, რომელიც მმართველ გუნდშია.
_ თავად ამბობენ, რომ მათ შორის დაპირისპირება არ არის.
_ რაც არ უნდა იხუნტრუცონ და იუარონ, გეუბნებით, რომ მათ შორის სერიოზული უთანხმოებაა, მარტო უთანხმოება კი არ არის, არამედ ჭამენ ერთმანეთს.
ცალკე არის გახარიას გუნდი, რომელსაც უნდა, რომ ყველაფერთან ერთად სუსიც გააკონტროლოს. მის საპირწონედ დგას კალაძე-კობახიძის კლანი, რომელსაც ფინანსური რესურსების ხელში ჩაგდება სურს. აი, ამაზე ჭამენ ერთმანეთს.
ისე უქნიათ, ერთმანეთი დაუჭამიათ და პოლიტიკურ მოუსავლეთში წასულან, მაგრამ, ისაა ცუდი, რომ ეს დაპირისპირება ქვეყანას აზარალებს.
ერთმანეთში ვერ მორიგებულან და სოხუმ-ცხინვალს მიმართავენ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით. რატომ არ ფიქრობენ, იმ აფხაზ და ოს ძმებს უნდათ ისეთ საქართველოში დაბრუნება, როგორიც მათ ზუგდიდის არჩევნებში ნახეს. ქალიან-კაციანად ტანსაცმელი ჰქონდათ შემობდღვნილი და ერთმანეთს მკვდარ-ცოცხალს აგინებდნენ.
ამ არჩევნებმა დამატებითი კითხვებიც გააჩინა _ ამისთანა რა სახსრები აქვს დამნაშავე რეჟიმს, რომ როცა დასჭირდათ მარტო ერთ ქალაქში (ზუგდიდს ვგულისხმობ) 5.000 დამკვირვებელი ჩაიყვანეს. ჰქონდათ 200-მდე დრონი და 150-200 ლაივ-კამერა.
_ თქვენი აზრით, საიდან ჰქონდათ მათ ამ ყველაფრისთვის საჭირო სახსრები?
_ არ გამოვრიცხავ, რომ მათაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდეს.
_ ეს ვერსია უკვე აქტიურად განიხილება, მაგრამ, ჩნდება კითხვა, რატომ უნდა დააფინანსოს ივანიშვილმა ნაციონალური მოძრაობა?
_ იმიტომ, რომ მათ ერთმანეთი სჭირდებათ. ისინი ერთმანეთს ამაგრებენ. მათი ეს დაპირისპირება გაგრძელდება მანამ, ვიდრე ხალხი აზრზე არ მოვალთ. 26 მაისს რომ მივსულიყავით და ის ლიქნის აღლუმი ჩაგვემწარებინა, ამას ვეღარ გაბედავდნენ. ვიცი, ამას კუდებს გამოაბამენ, ამიტომ განვმარტავ, რომ მხედველობაში აღლუმის ჩაშლა არ მაქვს. უნდა მივსულიყავით და გვეთქვა, რომ მათ 26 მაისის აღნიშვნის უფლება არ აქვთ.
26 მაისი არის ხალხის მონაპოვარი, ეს დღე ხალხმა უნდა იზეიმოს და არა გააზნაურებულმა მდაბიოებმა და მათთან კოჰაბიტირებულმა ნაციონალებმა.
_ ამ ორი ძალის კოჰაბიტირება ალბათ მანამდე გაგრძელდება, სანამ მესამე ძალა არ გამოჩნდება. მესამე ძალა კი არ ჩანს. 2012 წელს მესამე ძალად “დემოკრატიული მოძრაობა” მოიაზრებოდა, მაგრამ მერე თქვენ ვერ გაქაჩეთ.
_ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი პარტია მესამე ძალა არ გამხდარიყო. იმის ნაცვლად, რომ დამნაშავე რეჟიმი გაესამართლებინათ, ჩვენ დაგვიწყეს დევნა. სააკაშვილის ხელისუფლებაც გვდევნიდა, მაგრამ მისი დასასრულის მიზეზი მერე ჩვენ გავხდით. `ოცნებამ~ ძალიან კარგად იცის ჩვენი შესაძლებლობები. ამიტომაც არის, რომ ჩვენს სისხლზე მოსულმა ხელისუფლებამ ჩვენ გამოგვიცხადა ბრძოლა.
ამის საპასუხოდ “დემოკრატიული მოძრაობაც” აქტიურდება და ძალიან სერიოზულად ვემზადებით არჩევნებისთვის. აქ პარლამენტში მოხვედრაზე არ არის მარტო საუბარი, ამათთვის ქვეყნის დათმობა უკვე დანაშაულის ტოლფასია. ჩვენ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ.
სხვა პარტიებისგან განსხვავებით, არც დავშლილვართ, არც ამომრჩეველი მოგვიტყუებია და არც ხელისუფლებასთან შევსულვართ გარიგებაში.
_ შეიძლება, ხელისუფლებასთან გარიგებაში არ შესულხართ, მაგრამ თქვენს პარტიას აქვს ერთი სერიოზული დამღა _ პრორუსული. ამ დამღით როგორ აპირებთ ამომრჩევლის გულის მოგებას?
_ ჩვენი პარტია არ არის პრორუსული. ეს “დემოკრატიულ მოძრაობას”  ნაციონალურმა მოძრაობამ დააბრალა და “ქართული ოცნება” იმავეს იმეორებს. პრორუსულებს გვეძახიან, მაგრამ ვერ აკონკრეტებენ, თუ რით გამოიხატება ჩვენი პრორუსულობა.
_ თქვენი პარტია მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს, თქვენი ლიდერი მოსკოვში მართავს შეხვედრებს.
_ ეს არ ნიშნავს, რომ პრორუსულები ვართ. ჩვენი მთავარი გზავნილი ასეთია _ ენა, მამული, სარწმუნოება. ჩვენ არსად არ განგვიცხადებია, რომ მხოლოდ რუსეთთან უნდა გვქონდეს კარგი ურთიერთობა. “დემოკრატიული მოძრაობა” მიიჩნევს, რომ ყველასთან დაბალანსებული ურთიერთობა უნდა გვქონდეს.
სპეცსამსახურების უმეტესობა მეძავის პრინციპით მოქმედებს. სხვებს აბრალებენ იმას, რასაც თავად წარმოადგენენ. მაგალითისთვის, მეძავი წესიერ ქალს რომ დაინახავს და თავისი საქმიანობის გადასაფარად მას დაუწყებს მეძავო, მეძავოს ძახილს. აი, ამ მეძავის პრინციპით მოქმედებენ ნაციონალური მოძრაობა და ეს მკვდარი “ქართული ოცნება”.
მინდა, იცოდნენ ამ მეძავის პრინციპებზე დაფუძნებულებმა, რომ ჩვენ ახლო მომავალში სტრასბურში, ბრიუსელსა და ვაშინგტონშიც ვაპირებთ შეხვედრებს, ნინო ბურჯანაძეს ბევრად მეტ ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსთან აკავშირებს ნაცნობობა, ვიდრე ერთად აღებულ `ოცნებასა~ და ნაციონალურ მოძრაობას.
ასეთი გავლენიანები თუ არიან, რატომ ვერ ახერხებენ ჩვენი ისტორიული ძეგლის _ დავითგარეჯის დაცვას. რატომ ვერ უბედავენ აზერბაიჯანს ისე დაელაპარაკონ, როგორც ტოლი ტოლს.
_ ერიდებიან სტრატეგიული პარტნიორის გაღიზიანებას. ეშინიათ, გაზის მოწოდება არ შეგვიწყვიტოს.
_ სოკარის შიშით ჩვენი ისტორია უნდა დავთმოთ? ან საიდან მოიტანეს, რომ აზერბაიჯანზე ვართ დამოკიდებული. იქნება ბაქოს უფრო სჭირდება საქართველო, ვიდრე ჩვენ ისინი? ვთქვათ და შეგვიწყვიტა გაზის მიწოდება, მერე სად წაიღებენ ამ გაზს? სამეზობლოში ყველა ქვეყანას თავისი გაზი აქვს. მათ საქართველო ნავთობის ტრანზიტისთვისაც სჭირდებათ.
საქართველოს ხელისუფლებას საკმარისზე მეტი ბერკეტები აქვს იმისთვის, რომ საკუთარი ისტორია დაიცვას.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიმასშტაბური პროტესტი ჭიათურაში
შემდეგი სტატიაგეგა შენგელია “თქვენს წინაშე მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღებული, რომ ვიყო ჩვენი მუნიციპალიტეტის ღირსეული მერი, ღირსეული წარმომადგენელი თითოეული თქვენგანის”