“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მესამე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
დოკუმენტში წერია, რომ საანგარიშო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მიზანმიმართული და მადისკრედიტირებელი კამპანია მიმდინარეობდა, რაც ორგანიზაციის თქმით, წინასაარჩევნო გარემოზე უარყოფითად აისახება.
ანგარიშში წინასაარჩევნო კამპანიისა და სამოქალაქო აქტივიზმისთვის დაბრკოლებების შექმნის, ამომრჩევლის მოსყიდვის, სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შემთხვევებია ასახული.
ანგარიში მოიცავს 27 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე პერიოდს:
“27 ოქტომბერს ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი და, შესაბამისად, ამოქმედდა საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური წესები.
საანგარიშო პერიოდშიც კვლავაც გრძელდებოდა ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მიზანმიმართული, მადისკრედიტირებელი კამპანია, განსაკუთრებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, რაც უარყოფითად აისახება წინასაარჩვნო გარემოზე. შენარჩუნებულია პოლარიზაცია და მისი თანმდევი გამოვლინებები.
განსაკუთრებით საგანგაშო იყო ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებები, კანონის არასწორი განმარტებით, თვითნებურად გაეფართოვებინა საკუთარი მანდატი და გაევრცელებინა არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ბიუროს მიზანი იყო სამოქალაქო აქტივიზმის, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის შეფერხება და დისკრედიტაცია.
ასევე, საანგარიშო პერიოდში საიამ აღრიცხა:
– წინასაარჩევნო კამპანიისა და სამოქალაქო აქტივიზმისთვის დაბრკოლების შექმნის 2 ფაქტი.
– ფიზიკური ძალადობის – 4, სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სხვისი ნივთის დაზიანების – 2 და სააგიტაციო მასალის დაზიანების 2 შემთხვევა. ასევე, თვითნებური დაკავების 1 ფაქტი.
მათ უმეტესობას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან არ მოჰყოლია მყისიერი და მიუკერძოებელი რეაგირება, რაც ეფექტიან გამოძიებასა და, საჭიროების შემთხვევაში, დამნაშავისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში უნდა გამოიხატებოდეს.
ასევე, პრობლემური იყო მმართველი პარტიის მხრიდან ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები. საიამ შესაძლო მოსყიდვის 1 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 სავარაუდო ფაქტი აღრიცხა. ზოგ შემთხვევაში იშლებოდა ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის, რასაც მმართველი პარტია ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციისთვის იყენებდა.
საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით გათავისუფლების 3 შემთხვევა.
საიამ საანგარიშო პერიოდში უარყოფითად შეაფასა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2 გადაწყვეტილება. მათგან ერთი შეეხებოდა საარჩევნო პოლიტიკურ რეკლამაში სიძულვილის ენის გამოყენებას, ხოლო მეორე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პოლიტიკური რეკლამების სატელევიზიო სივრცეში განთავსების აკრძალვას. ორგანიზაციის აზრით პრობლემური იყო როგორც ნორმების ინტერპრეტაცია, ასევე ფაქტების გამოკვლევისას გამოვლენილი ზედაპირულობა.
გარდა ამისა, საია აწარმოებს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის წერილებზე საჯარო უწყებების რეაგირების მონიტორინგს. მისიის განმავლობაში ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით სხვადასხვა საჯარო უწყებას მიმართა 148-ჯერ. 43 შემთხვევაში ორგანიზაციას პასუხი არ მიუღია, ხოლო 23 წერილზე პასუხი არასრულყოფილი იყო. საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა აფერხებს საიას სადამკვირვებლო მისიას, განახორციელოს წინასაარჩევნო პროცესების ეფექტიანი მონიტორინგი.
აგრეთვე, 18 ოქტომბერს საია აკვირდებოდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა წილისყრის პროცედურებს თბილისსა და რეგიონებში. მნიშვნელოვანია, რომ წილისყრის პროცედურის გამართვის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციას ეცნობა 17 ოქტომბერს, 20:27 წუთზე, რამაც არსებითად გაართულა პროცესზე დაკვირვება. მიუხედავად მჭიდრო ვადებისა, საიამ შეძლო 20 უბანზე დაკვირვება, თუმცა ამ უბნებიდან დაახლოებით 30%-ზე წილისყრის პროცედურების ჩატარების ცესკოს მიერ მითითებულ დრომდე დაიწყო და ზოგ შემთხვევაში, დასრულდა კიდეც. შესაბამისად, ორგანიზაციას არ მიეცა პროცესზე ეფექტიანად დაკვირვების შესაძლებლობა.
საია ასევე ეხმიანება სხვადასხვა მედია-საშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მოქალაქეებს შესაძლო საარჩევნო მიზნებისთვის ართმევენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. საიას შეფასებით, საარჩევნო პერიოდში აღნიშნული ქმედება შესაძლოა წარმოადგენდეს არჩევნებში ნების განხორციელების ხელის შეშლას და ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენას. საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, შეისწავლონ ეს შემთხვევები და განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები.
საია განუმარტავს მოქალაქეებს, რომ მათი ხმა ფარულია და პირადი მონაცემების აღრიცხვის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია მათი არჩევანის იდენტიფიცირება კენჭისყრის დღეს”, – წერია ანგარიშში.