საიამ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა

საია წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. საია-ში აცხადებენ, რომ საანგარიშო პერიოდი ეხება სამი აგვისტოდან 24 სექტემბრის პერიოდს.

ორგანიზაციის წევრების თქმით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა, მათ შორის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხი, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები, როგორც მმართველი გუნდის ასევე ოპოზიციის მხრიდან, რაც უკავშირდება ამომრჩევლისთვის ვაქცინაციაზე უფასო სერვისის შეთავაზებას.

ასევე, მნიშვნელოვან პრობლემურ საკითხებს შორის სადამკვირვებლო ორგანიზაცია აღნიშნავს მუქარისა და ზეწოლის ფაქტებს ოპოზიციის მხარდამჭერებზე, ასევე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება რომელიც საია-ს ინფორმაციით დაკავშირებულია მოძრაობა საქართველოსთვის წევრებთან.

„წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ცხრა რეგიონული ოფისის მეშვეობით თითქმის მთელს საქართველოში აკვირდება. წარმოგიდგენთ მისიის მიერ მომზადებულ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მე-2 შუალედური ანგარიშს, რომელიც ფარავს 3 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. ანგარიშში ყურადღება შემდეგ პრობლემებზე მახვილდება: 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიები ახლებური წესებით, პირველ ჯერზე მაღალი კვორუმის პრინციპით დაკომპლექტდა. საოლქო კომისიის დროებითი წევრების ნახევარი ხელისუფლებასა ოპოზიციას შორის შეთანხმების საფუძველზე დაინიშნა. მართალია, ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრის პროცესებში, პრაქტიკა ადასტურებს, რომ კონსესუსზე ორიენტირებული მიდგომით გადაწვეტილებების მიღება შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პროცესში, ოლქის და უბნის დონეზე, კანდიდატთა შერჩევა უაღრესად მოკლე ვადებში მიმდინარეობდა, რამაც ხელი შეუშალა პროცესების სათანადოდ წარმართვას. საია-ს შეფასებით, პროცესის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელია, გადაიხედოს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ვადები.

საია-მ აღირიცხა როგორც „ქართული ოცნების“, ისე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ ამომრჩევლის მოსყიდვის, აგიტაციაში უკანონო მონაწილეობისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები. ამასთან, გამოწვევად რჩება ხელისუფლების პროექტების პერსონოფიცირება და პარტიასთან აფილირება, რაც შლის ზღვარს სახელმწიფოს და პარტიას შორის. არჩევნების მოახლოებასთან ერთად, წინასაარჩევნო გარემო უფრო დაძაბული გახდა. ორგანიზაციისთვის ცნობილი გახდა რამდენიმე თავდასხმის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტი. იყო ზეწოლისა და მუქარის სავარაუდო შემთხვევებიც. ეს საქმეები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. საია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს ფაქტები სრულად გამოიძიოს, პროცესი ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართონ.

აღსანიშნავია საარჩევნო სუბიექტების კანდიდატების ბანერებისა და პლაკატების დაზიანების შემთხვევებიც, რომლის მსხვერპლი ბევრჯერ გახდა როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიცია. საანგარიშო პერიოდიდან დოკუმენტში შევიდა საჯარო დაწესებულებებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ორი შემთხვევა.

საია აგრძელებს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს და მომავალშიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას სანდო და მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევების მიწოდების გზით“, – აცხადებენ საია-ში.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 571 თბილისში, 315 იმერეთში, 262 კი კახეთში დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა