საია: ვგმობთ ჰომოფობების ქმედებებს, პრემიერის განცხადებას და შსს-ს არასათანადო რეაგირებას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გმობს ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს, ასევე პრემიერმინისტრის განცხადებას, რამაც წაახალისა სიტუაციის დამატებით გამწვავება.

საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, ორგანიზაცია ასევე გმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასათანადო რეაგირებას, რამდენადაც ვერ უზრუნველყო პრევენციულად მუშაობა და პროცესების ეფექტიანი მართვა.

საია მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს პროცესების მშვიდობიანად წარმართვა, ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების დროულად და ეფექტიანად აღკვეთა, სამართალდარღვევებზე შესაბამისი რეაგირება, ამასთანავე, სათანადოდ შეასრულოს კონსტიტუციით დაკისრებული პოზიტიური ვალდებულებები და დაიცვას აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, აგრეთვე მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება.

“აგრესიული ჯგუფები მიმართავენ ძალადობრივ ქმედებებს. მათ პარლამენტის წინ აღმართული ჯებირები გადალახეს და ოპოზიციის წარმომადგენლების კარვები დაშალეს. აგრეთვე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა აქციის გაშუქებისას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნეს მედიის წარმომადგენლებსაც. აგრეთვე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა აქციის გაშუქებისას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნეს მედიის წარმომადგენლებსაც. ისინი ცდილობდნენ აქციიდან ჟურნალისტების გაძევებას, რის შედეგადაც დაფიქსირდა მათ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის, თავდასხმისა და აპარატურის დაზიანებისარაერთი შემთხვევა. გარდა ამისა, ძალადობრივი ჯგუფები შეიჭრნენ და დაარბიეს მოძრაობამ სირცხვილიას ოფისი, სადაც პრაიდის ორგანიზატორები იმყოფებოდნენ. აგრესიული ჯგუფები მივიდნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისთანაც, აივანზე აძვრნენ და ლგბტქი+ დროშა დახიეს.

საგანგაშოა პრემიერ-მინისტრის მთავრობის სხდომამდე გაკეთებული განცხადებაც, რომელშიც აღნიშნა, რომ „ღირსების მარში“ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს და მისი ჩატარება მიზანშეუწონლად მიიჩნია. აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯაროდ მოუწოდა „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მეთაურებისგან და უწყებებისგან მსგავსი განცხადებები და პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანა იწვევს ისედაც დაძაბული ფონის დამატებით გამძაფრებას, ასევე ახალისებს ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს და ფაქტობრივად კარტბლანშს აძლევს ძალადობას.

ასევე, საგულისხმოა, რომ შსს-მ ვერ უზრუნველყო პროცესების ეფექტიანად მართვა და სათანადო რაოდენობის საპოლიციო ძალის მობილიზება, რამაც დამატებით შეუწყო ხელი პროცესების გამწვავებას.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებულია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. კანონის მიხედვით, აკრძალულია ძალადობის პროპაგანდა და მოწოდებები, რომელიც აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. კონსტიტუციის მე-17 მუხლით კი დაცულია აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება და დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. აგრეთვე, ამავე მუხლის მეორე პუნქტით გარანტირებულია ყოველი ადამიანის უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. საგულისხმოა, რომ ე.წ. „კონტრაქციის“ ორგანიზატორთა და მონაწილეთა როგორც განცხადებები, ასევე ქმედებები არის ძალადობრივი ხასიათის და საფრთხეს უქმნის მარშის მონაწილეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აგრეთვე, ხელს უშლის მოქალაქეთა მიერ შეკრების თავისუფლების, ხოლო მედიის წარმომადგენელთა მიერ გამოხატვის თავისუფლების სათანადოდ რეალიზებას”, – ნათქვამია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიმუმლაძე: აქცია დაგეგმილი იყო „მოძრაობა საქართველისთვის“ კარვების ასაღებად
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები კლინიკაში მოინახულა