საია საოლქო კომისიებს მოუწოდებს, არ დაუშვან საუბნო კომისიის წევრების შერჩევის დროს პოლიტიკური გავლენებით გადაწყვეტილების მიღება

საუბნო საარჩევნო კომისიების ასარჩევი წევრების წინასწარი სიების შესაძლო არსებობის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ საუბრობს.
როგორც „თაიმერს“ საია-დან აცნობეს, ორგანიზაცია წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ამჟამად მიმდინარე შესარჩევი კონკურსების მონიტორინგს აწარმოებს და მათი დამკვირვებლებისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია შესაძლო წინასწარი სიების არსებობის შესახებ.

„ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით შესარჩევი წევრების არჩევის დროს, ოლქის წევრებს უნდა ეხელმძღვანელად ზემოაღნიშნული სიებით. ამასთან დაკავშირებით, განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმაც გააკეთეს. როგორც პარტიის წარმომადგენლებმა განგვიმარტეს, მათ წევრებს ხელთ ჩაუვარდათ ქობულეთის, სენაკის, ოზურგეთის, დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებში სავარაუდოდ არსებული წინასაწარი სიები, რომლებიც ქართული ოცნების მხარდამჭერებით, აქტივისტებითა და მათი ოჯახის წევრებით არის დაკომპლექტებული; საუბნო საარჩენო კომისიის წევრთა არჩევის დროს სწორედ მათზე უნდა შეჩერებულიყო არჩევანი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ პროცესში სავარაუდოდ, აქტიურად არიან ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობის, მათ შორის გამგებლის/მერის წარმომადგენლები. ის ფაქტი, რომ სიები ხელმისაწვდომი არ იყო ოპოზიციური პარტიების საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, როგორც ეს „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამყარებს ეჭვებს წინასწარი სიების არსებობის შესახებ, რომელიც საუბნო კომისიების პროფესიული წევრების არა პროფესიული, არამედ პოლიტიკური ნიშნით შერჩევას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

საია მოუწოდებს საოლქო კომისიებს, არ დაუშვან საუბნო კომისიის პროფესიული წევრების შერჩევის დროს პოლიტიკური გავლენებით გადაწყვეტილების მიღება, წევრები შეარჩიონ პროფესიული უნარჩვევებისა და კეთილსინდისიერების მიხედვით.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურის მიმდინარეობის ხარვეზებისა და ზოგიერთ საარჩევნო ოლქში საუბნო კომისიის შესარჩევი წევრების სავარაუდო წინასწარი სიების არსებობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებიც“. გასულ კვირას კი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები ”ქართული ოცნების” ადგილობრივი საარჩევნო შტაბების მიერ წარმოდგენილი სიების შესაბამისად აპირებენ საარჩევნო უბნების დაკომპლექტებას.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური სოფელ ახალ სამგორში მოსახლეობას შეხვდა
შემდეგი სტატიასუს-მა საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა