საია – სამართალდამცავებმა “ენმ”-ს ოფისში წიწაკის სპრეი კანონის დარღვევით გამოიყენეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციასია ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. საიას შეფასებით, მთავრობამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და მშვიდობიანი მოლაპარაკებით პროცესების დეესკალაცია ვერ უზრუნველყო.

“ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მრავალმხრივი მოწოდებები. საპოლიციო ძალების მეშვეობით ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებამ, კიდევ უფრო დაამძიმა არსებული ვითარება.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგას კონსტრუქციული ნაბიჯები ქვეყნის პოლიტიკური კრიზიდან გამოსაყვანად, ამასთანავე, არ დაუშვას შეკრება/მანიფესტაციის უფლებაში ჩარევა და მისცეს დემონსტრანტებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობის საშუალება”. – წერს საია.

საიას შეფასებით, სამართალდამცავებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში წიწაკის სპრეი კანონის დარღვევით გამოიყენეს.

“ქიმიური სპეციალური საშუალებები (მათ შორის, წიწაკის გაზი) გამოიყენება ძალადობრივი წინააღმდეგობის უგულებელსაყოფად, როდესაც არსებობს დაზიანების მყისიერი და გარდაუვალი საფრთხე. დაუშვებელია მათი გამოყენება პასიური წინააღმდეგობის დროს, ასევე დახურულ სივრცეებში, სადაც არ არის ადეკვატური ვენტილაცია ან უსაფრთხო გასასვლელი. ასეთ შემთხვევაში, არსებობს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების საფრთხე. ქიმიური საშუალებები უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სამართალდამცავებს აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ ეს საშუალებები არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუმართლებელ პრობლემებს. აუცილებელია მათი სწორად გამოყენება, რაც გულისხმობს ცრემლსადენი გაზის/წიწაკის სპრეის შესხმას პირისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით. თავიდან უნდა იქნეს არიდებული მათი განმეორებითი ან ხანგრძლივი გამოყენება.

საგულისხმოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შეკრებილი მოქალაქეები არ მიმართავდნენ ძალადობრივ ქმედებებს. ისინი იმყოფებოდნენ დახურულ სივრცეში, აგრეთვე, შეუძლებელი იყო შენობის უსაფრთხო და მყისიერი დატოვება. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ შენობაში მყოფი ერთ-ერთი პირი ცდილობდა ფანჯრის ჩამტვრევას სავარაუდოდ სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენების შედეგად წარმოშობილი უჰაერობის უგულებელსაყოფად. ამ ყველაფერზე დაყრდნობით, შესაძლებელია ითქვას, რომ პოლიციის მიერ სპეციალური ქიმიური საშუალების გამოყენება მოხდა კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით”. – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპროფესორ-მასწავლებლები – ვგმობთ ხელისუფლების მზარდ სიხისტეს
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი – ღარიბაშვილის ნებისმიერი სამშვიდობო განცხადება, „ნიანგის ცრემლებს“ ემსგავსება