„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) საჯარო წყაროებში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, პოლიციელების მხრიდან ჩადენილი დანაშაულის ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულებმა ბრალდებულების მიმართ პრეტენზიის არქონის შესახებ განცხადებები დაწერეს. საია მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი საეჭვოა და საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოს მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიკვლიონ, ხომ არ ჰქონია ადგილი მსხვერპლთა მიმართ უკანონო ქმედებებს, იძულებას, დაშინებას ან ფარულ დაპირებებს.
„ცხადია, დაზარალებულს აქვს უფლება, მის მიმართ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით ჰქონდეს სამართლებრივი პოზიცია, რომელიც შესაძლოა ბრალდებულთა მიმართ პრეტენზიის არქონაშიც გამოიხატებოდეს, თუმცა საეჭვო და შესაბამისი უწყებებისთვის საყურადღებო უნდა იყოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რატომ აღარ აქვთ წამება/არასათანადო მოპყრობის მსხვერპლ პირებს ბრალდებულთა მიმართ პრეტენზია. მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა და სასამართლომ, პრეტენზიის არქონის შესახებ განცხადებების მიღებისას, სათანადოდ გამოიკვლიონ იგი. კერძოდ, ხომ არ ჰქონია ადგილი დაზარალებულთა მიმართ ისეთ უკანონო ქმედებებს, ზეწოლას ან დაპირებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა მათ ნებასა და სასამართლოში წარსადგენ პოზიციაზე გავლენის მოხდენას, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბრალდებულთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე.
ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაზარალებულები აცხადებენ, რომ ბრალდებულთა მიმართ პრეტენზია არ აქვთ, ბრალდების მხარე, დევნის საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ავტომატურად არ თავისუფლდება ვალდებულებისგან, სრულად შეაფასოს საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება და ასე მიიღოს ბრალდებულთა მიმართ საპროცესო შეღავათების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება. ასევე, სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა დააფუძნოს არა დაზარალებულის პოზიციის ცვლილებაზე, არამედ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმეში შესაძლოა მოიპოვებოდეს ისეთი მტკიცებულებები, როგორიცაა ექსპერტიზის დასკვნები, სამედიცინო დოკუმენტაცია, ვიდეოჩანაწერები, მოწმეების ჩვენებები და სხვა. მართლმსაჯულების განხორციელება, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების ცვლილება არ უნდა გახდეს დამოკიდებული მხოლოდ დაზარალებულის მიერ პრეტენზიის არქონის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხის ქვეშაა არა მხოლოდ დამნაშავის ინდივიდუალური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემისადმი, ასევე, სახელმწიფოს ვალდებულების შესრულება, ებრძოლოს დაუსჯელობის განცდას, რომელიც დამნაშავეს შეიძლება გაუჩნდეს თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო. შედეგად კი, სხვა სიკეთეთა შორის, ასევე, მნიშვნელოვანი ზიანი ადგება ადამიანების დაცულობის გარანტიებს საპოლიციო წამების წინააღმდეგ.
საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ საქმეებში (იხ. ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, გირგვლიანი და ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ) ევროპულმა სასამართლომ მკაცრად გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ კანონმდებელმა ამნისტიის შესახებ კანონის მიღებისას სათანადო ყურადღება არ გაამახვილა სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი სერიოზული გადაცდომის სრული სიმკაცრით დასჯის აუცილებლობაზე. სასამართლომ კიდევ ერთხელ განმარტა საერთაშორისო სამართლით დადგენილი სტანდარტი, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიმართ ამნისტიის ან შეწყალების გამოყენება არ უნდა იყოს დაშვებული ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით.
შესაბამისად, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებში, სახელმწიფოს წარმომადგენელ პასუხისმგებელ პირთა მიმართ დაზარალებულის პოზიციისთვის ცენტრალური როლის მინიჭება იმ მიზნით, რომ შემსუბუქებულ იქნას მათ მიმართ სასჯელი, სახელმწიფოს მიერ ამ დანაშაულზე მართლმსაჯულების აღსრულებად ვერ შეფასდება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წლებია იცავს სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულ პირთა უფლებებსა და ინტერესებს. საია მოცემულ შემთხვევაშიც გამოთქვამს მზადყოფნას, შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სახელმწიფო წარმომადგენელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლებს, რომლებიც შესაძლოა ბრალდებულთა ან მათი წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული იძულების, დაშინების, უკანონო დაპირების ან სხვა სახის ზემოქმედების შედეგად იძულებულნი გახდნენ, უარი თქვან ან შეცვალონ საკუთარი სამართლებრივი პოზიცია ბრალდებულთა სასარგებლოდ“,_ აცხადებს საია.















