გვაქვს რისკები, სწორედ რუსული კანონის ფონზე, რომ შეიძლება, აკრედიტაცია გაგვიუქმონ, შევიდეს ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე და გვითხრან, რომ არჩევნებს ვეღარ დავაკვირდებით – მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერა, – ამის შესახებ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელმა ნანუკა ყრუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ეზრა ზეიასთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დამკვირვებლების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
“მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების მხარდაჭერა. ასევე, ადგილობრივი დამკვირვებლების მხარდაჭერა, როგორიცაა საია და სხვა ადგილობრივი ორგანიზაციები, რომელთაც, რუსული კანონის ფონზე, შესაძლოა, ხელი შეგვეშალოთ იმით, რომ უბნებზეც კი არ შეგვეძლოს მისვლა და ადგილზე დაკვირვება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება სწორედ ეს არჩევნები, რადგან ის გადაწყვეტს, საით წავა საქართველო – დასავლეთისკენ, ევროინტეგრაციისკენ, თუ გაუდგება რუსეთისკენ გზას”, – განაცხადა ნანუკა ყრუაშვილმა.
მისივე თქმით, სხვა რისკებთან ერთად არსებობს რისკები, რომ დამკვირვებლები უსაფრთხოდ არ იყვნენ უბნებზე.
“დღეს სამართლებრივად არ არის ისეთი დებულებები, რომელიც ხელს შეუშლის დამკვირვებლებს დაკვირვებაში, თუმცა გვაქვს რისკები, სწორედ რუსული კანონის ფონზე, რომ შეიძლება, აკრედიტაცია გაგვიუქმონ. შევიდეს ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე და გვითხრან, რომ არჩევნებს ვეღარ დავაკვირდებით. ასევე დიდი რისკია, რომ თუნდაც დაკვირვების შემთხვევაში ჩვენი დამკვირვებლები უსაფრთხოდ არ იყვნენ უბნებზე. ჩვენ არ გვაქვს რესურსი, რომ ჩვენი დამკვირვებლები უსაფრთხოდ ვამყოფოთ, ამიტომ სახელმწიფომ უნდა მოგვცეს ამის გარანტია. მესამე რისკი არის ის, რომ შეიძლება უბნებზე დაგვხვდნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან აქტიურები და შექმნილები არიან იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებს”, – განაცხადა ნანუკა ყრუაშვილმა.