საია-ს თავმჯდომარე – კეთილსინდისიერების შემოწმება ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომელიც საქართველომ მიიღო, ამის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა

სამწუხაროდ, გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი ამ ფორმატს [მოსამართლეთა კონფერენციას] იყენებს მაშინ, როდესაც სჭირდება ერთიანობის დადასტურება, თავისი პოზიციების განმტკიცება და როგორც ჩანს, დღეს ასეთ შეხვედრას იქნება ადგილი – ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ, ჟურნალისტებთან მოსამართლეთა კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

ქურდოვანიძის განცხადებით, კეთილსინდისიერების შემოწმება, ეს არის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ მიიღო და მნიშვნელოვანი საკითხია.

მისივე თქმით, ამის გარეშე, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, საქართველო წინ ვერ წავა.

“უნდა ვთქვათ, რომ მოსამართლეთა კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც მოსამართლეებს შეუძლიათ საკუთარი პოზიციების დაფიქსირება. უნდა შეეძლოთ, თუმცა სამწუხაროდ, გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი ამ ფორმატს იყენებს მაშინ, როდესაც სჭირდება ერთიანობის დადასტურება, თავისი პოზიციების განმტკიცება და როგორც ჩანს, დღეს ასეთ შეხვედრას იქნება ადგილი. თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვთხოვთ ინდივიდუალურ მოსამართლეებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სასამართლო სისტემა გასაჯანსაღებელია, რომ საკუთარი პოზიციები თავისუფლად დააფიქსირონ.

კეთილსინდისიერების შემოწმება, ეს არის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ მიიღო და არის მნიშვნელოვანი საკითხი. ამის გარეშე, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, საქართველო წინ ვერ წავა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში იდგეს და მოსამართლეები, ისევე როგორც სხვა აქტორები იყვნენ მომხრე იმისა, რომ ეს სისტემა დაინერგოს. ეს არის გზა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი”, – აღნიშნა ნონა ქურდოვანიძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის საჰაერო ძალების სარდალი სევასტოპოლზე იერიშის შემდეგ – მადლობა პილოტებს და მეზღვაურებს წარმატებული საბრძოლო მუშაობისთვის!
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა წალენჯიხაში – არის მსხვერპლი