საია-ს აღმასრულებელი დირექტორი ყალბი პირადობების მოწმობებზე – ჩვენ რაც გადავამოწმეთ, ეს ინფორმაცია დადასტურდა – ჯერი საგამოძიებო უწყებებზეა

მთავარ პროკურატურაში გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საია-ს აღმასრულებელი დირექტორის, ირმა პავლიაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც ირმა პავლიაშვილმა განაცხადა, გუშინ მათ წარმოადგინეს მათ ხელთ არსებული კონკრეტული ინფორმაცია, მათ შორის სახელებსა და გვარებზე და მივლინებებზე და ახლა უკვე საგამოძიებო ორგანომ უნდა უზრუნველყოს გამოძიება მათ მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე. მისივე თქმით, იგი არ აპირებს წყაროს გამჟღავნებას.

„მნიშვნელოვანია ამ საქმეზე დადასტურდეს ჭეშმარიტება. წყარომ ინფორმაცია კონფიდენციალურობის დაცვით მოგვაწოდა, რადგან მას გარკვეული შიშები ჰქონდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჩვენ, როგორც უფლებადამცველებს, გვაქვს უფლება, რომ არ დავასახელოთ წყარო. წყაროს გარკვეული შიშები აქვს, რომ მომავალში შეექმნება პრობლემები და ამიტომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურობის დაცვით გაგვიმჟღავნა. წყარო უშუალოდ მუშაობს სააგენტოში, შესაბამისად, ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინფორმაცია ყოფილიყო არასანდო, არ წარმოქმნილა. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი მანდატის ფარგლებში რაც გადავამოწმეთ ინფორმაცია, ეს ინფორმაცია დადასტურდა. ამიტომ ჯერი საგამოძიებო უწყებებზეა”, – განაცხადა პავლიაშვილმა.

მისივე თქმით, წყარო საუბრობდა თათბირზე, რომელიც სავარაუდოდ, 5 ნოემბრის კვირაში გაიმართა.

„თუ საგამოძიებო ორგანო დაინტერესდება, მას შეუძლია ეს ინფორმაცია გადაამოწმოს და ნახოს რეალურად იყო თუ არა თათბირი. რაც შეეხება კითხვას, სად ხდებოდა ბეჭდვა და დისტრიბუცია ამ პირადობების, არ გვაქვს ინფორმაცია რომელი ტერიტორიული ორგანოდან ხდებოდა გაცემა თუ დაბეჭდვა ან ძველი პირადობის მოწმობები იყო თუ ახალი. ვიცით, რომ ორი შემთხვევა იყო იდენტიფიცირებული, სადაც სავარაუდოდ, ხდებოდა ბეჭდვა და ეს არის წალენჯიხა და გარდაბანი. მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოებმა დეტალურად შეისწავლონ ეს ინფორმაციები”,- განაცხადა პავლიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ოლიმპიურ ვარსკვლავს“ ხვალიდან საშუალება ექნება, დაწყებული მშენებლობა დაასრულოს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: „მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, ეს ადამიანები ზრუნავენ და პასუხისმგებლობას იღებენ ჩვენს მოქალაქეებზე“