საია “რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციებზე დაკავებული მოქალაქის უფლებებს სტრასბურგში დაიცავს

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” “რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართული მასობრივი აქციის დროს უკანონოდ დაკავებული და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი, გიორგი მექვაბიშვილის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.

ორგანიზაციის ცნობით, აქციის დაშლისას გიორგი მექვაბიშვილი, სხვა პირის მიმართ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა სავარაუდო ძალადობრივ მოპყრობას ტელეფონით იღებდა და სამართალდამცავებს მოუწოდებდა, რომ არ ეძალადათ აქციის მონაწილეზე. ის პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დააკავა.

“სამართალდამცავთა განმარტებით, მომჩივანი დააკავეს იმის გამო, რომ ის არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინა გზის სავალი ნაწილი, იმის მიუხედავად რომ მომჩივანი ტროტუარზე გადაადგილდებოდა. მომჩივანმა 35 საათზე მეტი გაატარა დროებითი მოთავსების იზოლატორში, ხოლო სახელმწიფოს არ დაუსაბუთებია დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზეზები. ამ საკითხით არც მოსამართლე დაინტერესდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას.

მომჩივანის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემა, 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე განხორციელდა, რის შედეგადაც მას 2000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება შაბლონური სახისაა და არ ითვალისწინებს საქმის ინდივიდუალური გარემოებების სათანადო ანალიზს. მიუხედავად საქმეში არსებული არაერთი ხარვეზისა, ხსენებული დადგენილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.

საქმეში ნათლად გამოიკვეთა ქვეყანაში არსებული არაერთი სისტემური გამოწვევა, მათ შორის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის სამართლებრივი გარანტიების დაბალი სტანდარტი, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული შაბლონური/დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პრაქტიკა, დაუსაბუთებლად პირის დაკავება, რომლებიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განმტკიცებულ გარანტიებს”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

მომჩივანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის წარდგენილი საჩივარით ევროპული კონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში ეს საიას მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი მეორე საჩივარია, რომელიც საქართველოში თვითნებური დაკავების პრაქტიკასა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში სასამართლო კონტროლის გარანტიების ნაკლოვანებებს შეეხება.

banner
წინა სტატიაშიისრაელის მედია – ისრაელის დიპლომატმა რუსეთის ელჩთან უკმაყოფილება გამოხატა იმ როლის გამო, რასაც რუსეთი თამაშობს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში
შემდეგი სტატიამაკრონი ისრაელის პრეზიდენტს – ადამიანები მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ისინი ებრაელები იყვნენ – ტერორიზმის წინააღმდეგ ომში მარტო არ ხართ