საია: Reformerfitness-ის მფლობელის სისხლისსამართლებრივი დევნა არაკონსტიტუციურია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ორგანიზაცია ბათუმში მდებარე ფიტნესკლუბის – Reformerfitness-ის საქმეში ჩაერთო, რომლის მიმართაც გუშინ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2481 მუხლის საფუძველზე დაიწყო.

საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლი, რომლის მიხედვითაც, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული აკრძალული ქმედების განმეორებით ჩადენის გამო შესაძლებელია, პირს დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, არაკონსტიტუციურია.

“მთავრობის დადგენილების საფუძველზე დაწესებული საკარანტინო ღონისძიებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რადგან პარლამენტმა მთავრობაზე დელეგირებული უფლებამოსილება გადასცა კონსტიტუციის დარღვევით. საქართველოს კონსტიტუციის ცალსახა მოთხოვნას წარმოადგენს ის, რომ შრომის თავისუფლება და გადაადგილების თავისუფლება შეიზღუდოს პარლამენტის, და არა მთავრობის მიერ”. – წერია საიას განცხადებაში

საის თქმით, რადგან არაკონსტიტუციურია „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილება, ასევე არაკონსტიტუციურია აღნიშნული წესის დარღვევისთვის პირისთვის ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს მის წარმოებაში არსებული საქმეები, რომლებიც შრომისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მთავრობაზე დელეგირების კონსტიტუციურობას ეხება.

28 ნოემბერს, Reformerfitness-ი შრომის ინსპექციამ აკრძალვების მიუხედავად მუშაობის გამო დააჯარიმა. ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ის მუშაობის შეჩერებას არ აპირებდა. გირჩის ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ კი ფიტნესცენტრი საცხოვრებელ სახლად იქირავა და თქვა, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია სავარჯიშოდ მისვლა.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძემ გარემოვაჭრეებთან ყვავილები იყიდა და მთავრობის ადმინისტრაციასთან მიიტანა
შემდეგი სტატიასასამართლომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას პატიმრობა ძალაში დატოვა