საია: პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო, არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის დარბევა კვლავ ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენებით მიმდინარეობს. საია-ში ამბობენ, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების სტანდარტების დარღვევის შესახებ, მათ შორის, წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში შესხმისა, და, ორი სპეციალური საშუალების, წყლის ჭავლისა და ქიმიური გამღიზიანებლების შერევის შესახებ.

საია-ში აღნიშნავენ, რომ 2024 წლის 21 ოქტომბერს შსს-მ განცხადებით დაადასტურა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე წყლის ჭავლში ცრემლსადენ გაზს ურევდა.

“აღნიშნული პრაქტიკის მხარდასაჭერად სამინისტრომ არასწორად, მანიპულაციურად, დააციტირა „ამნესტი ინთერნეიშენალის“ სახელმძღვანელო. სინამდვილეში, „ამნესთი ინთერნეიშენალის“ მიხედვით, წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის ან საღებავის შერევა აკრძალული უნდა იყოს. აღნიშნული პრაქტიკა, ძლიერ პრობლემურია რამდენიმე მიზეზის გამო. კერძოდ:

უცნობია თუ რა არის წყალში ქიმიური გამაღიზიანებლის დასაშვები კონცენტრაციის დონე, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოშობს.

როდესაც ტანსაცმელი ქიმიური გამაღიზიანებლით იჟღინთება, ადამიანს აღარ შეუძლია მისი ზემოქმედებისაგან გაქცევა.

ამასთან, როდესაც ადამიანის ტანსაცმელი იჟღინთება, შეუძლებელია გაკონტროლდეს ქიმიური გამაღიზიანებლის ადამიანზე ზემოქმედების ხარისხი და ხანგრძლივობა. იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობის რისკები იზრდება ქიმიური საშუალებების კონცენტრაციის და ზემოქმედების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად, წყლისა და ქიმიური საშუალებების შერევა არღვევს სამართალდამცავთა ვალდებულებას, მოახდინონ ზიანის მინიმუმამდე შემცირება.

წყლის ჭავლში ქიმიკატების შერევა არარეკომენდირებული პრაქტიკაა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის სახელმძღვანელოს მიხედვითაც, რადგან აღნიშნული შეიცავს დაზიანების, მათ შორის, ხანგრძლივი ფიზიკური ტკივილის გამოწვევის ბევრად მაღალ რისკს.

ამასთან, დემონსტრანტების გამოცდილებით, წყლის ჭავლი არის ცივი, რაც გარეთ არსებული დაბალი ტემპერატურის გათვალისწინებით, დამატებით ქმნის არაადამიანური მოპყრობის საფუძველს”, – წერს საია.

ორგანიზაცია კვლავ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებებს და შეწყვიტონ მშვიდონიანი დემონსტრანტების დანაშაულის ტოლფასი გზით დაშლა. ასევე, ისინი მოუწოდებენ შსს-ს, რომ სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარეც, გაასაჯაროოს თუ რა საშუალებებს იყენებს, რათა დაზარალებულ ადამიანებთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალს ჰქონდეს ჯეროვნად რეაგირების შესაძლებლობა.

banner
წინა სტატიაშიაქციაზე “ტვ პირველის” ოპერატორი დაშავდა – ტელეკომპანია პასუხისმგებლობას შს მინისტრს აკისრებს
შემდეგი სტატიაცაჰკნა: ოცნების გადაწყვეტილება გარდაუვალი შედეგია იმისა, როგორ მოატყუეს მთელი მოსახლეობა