“საია” პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე ეკა ბესელიას ინტერესებს დაიცავს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე ეკა ბესელიას ინტერესებს დაიცავს. ეკა ბესელიამ საია-ს იურისტებთან ერთად დღეს ბრიფინგი გამართა.

ბესელიას განცხადებით, მის საქმეზე გამოძიება თაროზეა შემოდებული და ამ დრომდე არ არის დადგენილი პირველწყარო.

მისი თქმით, გამოძიება სიმართლეს თუ არ დაადგენს, არ გამორიცხავს, რომ არაობიექტურად ჩატარებული გამოძიების გამო, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართოს.

„ვენდობი საია-ს. ვარ მისი პირველი დამფუძნებელი. ჩემი ნდობა ორგანიზაციის მიმართ იყო განმსაზღვრელი, რომ მათთვის მიმემართა. ორი წელია, დაზარალებულად ვარ ცნობილი. არაფერი ხდება. ფაქტობრივად, თაროზეა შემოდებული საქმე და მას ჩემი შეხმიანებები აცოცხლებს. უბრალოდ არ ვეშვები და ვეხმიანები გამოძიების მწარმოებელ პირებს და ვახსენებ, რომ ეს არ არის საქმე, რომელიც თაროზე უნდა შემოდო და გადადო. მთავარ კითხვებზე პასუხის გაცემას აქვს პრევენციის მნიშვნელობა. ამ საქმეს ვუყურებ როგორც პრინციპულს და არ ვაპირებ ჩაითვალოს, რომ გამოძიება დასრულდა იმით, რომ რამდენიმე ადამიანი პასუხისგებაში მისცეს. ადამიანებმა, რომლებმაც არც კი იცოდნენ, რომ დანაშაული იყო ის, რასაც ერთმანეთს უზიარებდნენ. კი ესეც დანაშაულია, მაგრამ პირველწყაროა მნიშვნელოვანი. ჩემთვის მოტივი ცნობილია. გახსოვთ, როდესაც დაიწყო მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, სია შევაჩერე, არ გავიტანე სხდომაზე განსახილველად და ამის შემდეგ მოხდა ეს დანაშაული. მოტივი ვიცი, კვალიც ვიცი სად არის, მაგრამ გამოძიებამ უნდა თქვას ეს ყველაფერი და დაადგინოს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც განვიხილავ, არაეფექტურად ჩატარებული გამოძიების გამო, თუკი არ დადგინდება სიმართლე“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან, საია-ს თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, გამოძიება ვერაფერს აკეთებს პირველწყაროს დასადგენად.

„დღეს შევიკრიბეთ, რათა განვაცხადოთ, რომ საია ეკა ბესელიას საქმეში ჩაერთვება. იმ საქმეში, რომელიც ეხება ორი წლის წინ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას. გამოძიება ვერაფერს აკეთებს, რომ დაადგინოს პირველწყარო. რაღაც ნაბიჯები არის შემდგომ გავრცელებაზე, მაგრამ საინტერესოა, დადგინდეს პირველწყარო. საგამოძიებო ორგანოები არაფერს აკეთებენ და ეჭვი გვიჩნდება, რომ სწორედ ხელისუფლების დაინტერესება არის ამ ყველაფერში. ფარული ჩანაწერების გავრცელება პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით მოხდა. არაფერი კეთდება, რათა პირველწყარო მოიძებნოს და დაისაჯოს. ჩვენ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან“, – განაცხადა სიმონიშვილმა.

საუბარია 2019 წლის იანვარში ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალაზე. აღნიშნული საქმის გამოძიება 2019 წლის 28 იანვარს დაიწყო, თუმცა, როგორც საია-ში აცხადებენ, გამოძიების დაწყებიდან დღემდე, ორ წელზე მეტი პერიოდის გასვლის შემდეგ, პროკურატურის მიერ პასუხისგებაში მიცემული არიან მხოლოდ ის პირები, რომლებმაც შეინახეს ან გაუზიარეს სხვა პირებს აღნიშნული ჩანაწერი, ხოლო ის პირები, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობდნენ აღნიშნული ჩანაწერის შექმნაში და არიან პირველწყარო, ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

banner
წინა სტატიაშიგლდანის პირველი მიკრორაიონის N10 და N11 კორპუსების მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცე და მინი სპორტული მოედანი მოეწყობა
შემდეგი სტატიაგეგელია – პოზნერის ვიზიტი არის სისტემის ჩამოშლის ნათელი მაგალითი