25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

საია: ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმეზე სასამართლოს ქმედებები დაცვის უფლების არაპროპორციული შეზღუდვაა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლო სხდომების დაჩქარებული წესით ჩანიშვნა, ადვოკატების დარბაზიდან გაძევება და მათ ნაცვლად საზოგადოებრივი ადვოკატების დანიშვნა დაცვის უფლების ეფექტიანობას მნიშვნელოვნად აზიანებს.

საია ადვოკატების (ბექა ბასილაიასა და დიმიტრი საძაგლიშვილის) გაძევებას უკიდურეს და არაპროპორციულ ზომად აფასებს. ორგანიზაციის განცხადებით, დაცვის უფლების ეფექტიანად განხორციელება მოითხოვს ნდობას ადვოკატსა და ბრალდებულს შორის, რაც ამ შემთხვევაში დარღვეულია.

სასამართლო სხდომების ინტენსიური გრაფიკი და დაცვის მხარის პოზიციის იგნორირება აჩენს ეჭვებს, რომ პროცესი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან არის დაკავშირებული.

საია ხაზს უსვამს, რომ სასამართლოს მხრიდან ამ საქმეებზე გამოჩენილი განსაკუთრებული „ოპერატიულობა“ სხვა საქმეების პრაქტიკასთან შეუსაბამოა, რაც საქმის პოლიტიკურ მდგენელზე მიუთითებს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაუშვებელია საზოგადოებრივი ადვოკატის ინსტიტუტის დაცვის უფლების წინააღმდეგ მიმართულ იარაღად გამოყენება. საია აგრძელებს საქმის მასალების შესწავლას და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის კუთხით შეფასებებს საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის.

banner
წინა სტატიაშიყველაზე აქტიური და უფუნქციო სექტორები: რა ხდება საქართველოს ბიზნეს სექტორში?
შემდეგი სტატიაპარლამენტმა სიჩქარის გადაჭარბების სანქციები შეცვალა- რა სიახლეები ელის მძღოლებს