33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

საია: მშვიდობიანი დემონსტრანტების პოლიტიკური გამოხატვის გამო დაკავება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევაა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) თბილისის საკრებულოსთან გუშინ აქტივისტების დაკავებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

ორგანიზაციის შეფასებით, პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება უხეშად არღვევს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. საია ასევე მიუთითებს, რომ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ურტყამს ერთ-ერთი პოლიციელი დაკავებისას აქტივისტს სახეში, რაც, მათი შეფასებით, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ზღვარს აღწევს.

განცხადების თანახმად, 2026 წლის 26 ივლისს თბილისში აქტივისტი თორნიკე თოშხუა მშვიდობიანი შეკრების მიმდინარეობისას დააკავეს. მოგვიანებით, თბილისის საკრებულოსთან, მის მხარდასაჭერად შეკრებილი კიდევ ათამდე დემონსტრანტიც დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს საჯარო სივრცეში „შეურაცხმყოფელი ბანერები“ ეჭირათ, გამოთქვამდნენ შეურაცხმყოფელ ფრაზებს, არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების მოთხოვნებს. უწყების ცნობით, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

საია აღნიშნავს, რომ „ნეტგაზეთის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში არ ჩანს დემონსტრანტების მხრიდან ისეთი ძალადობრივი ქმედება ან საზოგადოებრივი წესრიგის ისეთი დარღვევა, რომელიც მათ დაკავებას ან პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას გაამართლებდა. ორგანიზაციის შეფასებით, დაკავებულისთვის პოლიციელის მიერ სახეში ხელის დარტყმა არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ზღვარს აღწევს და საპოლიციო სისტემაში ძალადობის ნორმალიზებისა და სისტემურობის კიდევ ერთ გამოვლინებას წარმოადგენს.

უფლებადამცველი ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური გამოხატვა, მათ შორის მაშინაც, როდესაც ის ვულგარული ფორმით არის გამოხატული და კონკრეტულ საჯარო პირს ეხება, გამოხატვის თავისუფლებით არის დაცული. საიას განცხადებით, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, გაითვალისწინოს ასეთი გამოხატვის კონტექსტი და მისი მნიშვნელობა საჯარო დისკუსიისთვის. ამასთან, პოლიტიკოსებსა და სხვა საჯარო პირებს მათ მიმართ გამოთქმული კრიტიკის მიმართ თმენის უფრო მაღალი ვალდებულება აქვთ, ვიდრე რიგით მოქალაქეებს.

საია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობის გამო დაკავებული პირები და შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დევნა. ორგანიზაციის შეფასებით, აქციების ამგვარი ფორმით დაშლა არა მხოლოდ უკანონოა, არამედ შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რაც შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობისა და მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისთვის უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუას მხარდასაჭერი აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ, შსს-ის ინფორმაციით, კიდევ 10 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. მანამდე, იმავე ტერიტორიაზე, ბანერის გაშლის გამო ადმინისტრაციული წესით თავად თორნიკე თოშხუაც დააკავეს.

banner
წინა სტატიაში“სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა: რა აზრი აქვს ევროკავშირში წევრობას, თუ უმთავრეს სარგებელსა და ბერკეტებს გართმევენ?!” – შალვა პაპუაშვილი
შემდეგი სტატიამსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ პატიმრობაში მყოფ თანამოაზრეებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდა