საია: მედიისთვის გადაღების აკრძალვა საჯაროობის და გამჭვირვალობის საწინააღმდეგო გამოვლინებაა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ჟურანლისტებისათვის სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღების შეზღუდვა სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი სტრუქტურული პრინციპის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის, საწინააღმდეგო გამოვლინებაა.

30 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიის წარმომადგენლებს გადასაღებად არ უშვებენ. საია-ს თქმით, პირველივე დღეს გამოვლინდა ამ კანონის აღსრულების პრობლემები. სხდომის დაწყებამდე არაერთმა მედიასაშუალებამ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სასამართლო სხდომაზე ვიდეო და აუდიო ჩაწერის თაობაზე, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.

“კანონის ამ ნაწილის ამოქმედებიდან პირველივე დღეს გამოვლინდა მისი აღსრულების პრობლემა, რომელმაც მედია საშუალებების ფუნქციონირება შეუძლებელი გახადა. არაერთმა მედიასაშუალებამ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონკრეტულ – თერთმეტპირიანი საქმის (აქციების კონტექსტში დაკავებული: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის) სასამართლო სხდომაზე ვიდეო და აუდიო ჩაწერის თაობაზე, თუმცა სხდომის დაწყებამდე მათ მიმართ უკუკავშირი საბჭოდან არ ყოფილა. სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა სხდომის განმხილველ მოსამართლე – ნინო გალუსტაშვილსაც სთხოვეს, გამოეცხადებინა შესვენება და კომუნიკაცია დაემყარებინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მედიების დაშვების საკითხის დაზუსტების მიზნით, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის თხოვნა არ გაითვალისწინა” – განაცხადა საიამ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ცვლილებები პირდაპირ იყო მიმართული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების გაშუქების შეზღუდვისკენ.

“აღნიშნული ბიუროკრატიული მექანიზმი პრაქტიკულად სრულად უზღუდავს მედიას პროცესების გაშუქებას. საგულისხმოა, რომ ზოგიერთი სასამართლო ეტაპის სასამართლო სხდომები – ე.წ. პირველი წარდგენის სხდომები მცირე საპროცესო ვადების გამო, ხშირად მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე ინიშნება. ასეთ ვითარებაში, მედიებს პრაქტიკულად არც კი დარჩებათ დრო, რომ მიიღონ დროულად პასუხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან.

ყოველივე ზემოაღნიშნული, სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი სტრუქტურული პრინციპის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის, საწინააღმდეგო გამოვლინებაა. დაუსაბუთებლად დახურულად წარმოებული სამართალწარმოება ტოვებს აღქმას საზოგადოებაში, რომ სასამართლოს ინტერესში არ შედის საზოგადოების ინფორმირება მართლმსაჯულების ხარისხის შესახებ, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება სასამართლო სისტემის რეპუტაციაზეც.” – წერია საიას განცხადებაში.

ცნობისთვის, 26 ივნისს, პლენარულ სხდომაზე III მოსმენით, დაჩქარებული წესით, მხარი დაუჭირეს სასამართლოს სხდომებზე მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვის კანონპროექტს. საკითხს მხარი ივანიშვილის 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

კანონი ოფიციალურად 28 ივნისს ამოქმედდა, მას შემდეგ რაც, ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი ვერსია, საკნონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

ახალი კანონის თანახმად, პროცესების გადაღების უფლებამოსილება ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს. გარდა ამისა პროცესების ვიდეო, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია იუსტიციის საბჭოს ნებართვის შემდეგ იქნება დასაშვები. ამ დროისთვის უცნობია პროცედურა, რაზე დაყრდნობით გასცემს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნებართვებს, ან რომელ პროცესებს გადაიღებს თავად სასამართლო, როდის და რა ფორმით გაავრცელებს მას.

banner
წინა სტატიაშივანო ნადირაძე ქაშუეთში გადაასვენეს – სამძიმარზე მეხუთე პრეზიდენტიც მივიდა
შემდეგი სტატიაქართული ოცნების განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძე იქნება