საია მასალებზე: მზად ვართ, ფიგურანტებს სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ

საქართველოს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმაურება 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მოსმენებით მიღებულ ინფორმაციას ასახავს. საია პირად ცხოვრებაში ჩარევის უხეშ დარღვევებს გმობს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას დროულად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად აწარმოოს გამოძიება.

“ადამიანის პირად ცხოვრებას, პირად სივრცესა და კერძო კომუნიკაციას იცავს საქართველოს კონსტიტუცია და არაერთი საერთაშორისო აქტი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კი განსაკუთრებულ კონტროლს აწესებს პირად ცხოვრებაში ჩარევაზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც მრევლს მოძღვართან ტელეფონის მეშვეობით აქვს ისეთ საკითხებზე საუბარი, რაც აღსარების საიდუმლოს მიეკუთვნება. სასულიერო პირების უკონტროლო და უკანონო მიყურადება კი საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანების პირადი ცხოვრების სხვა ასპექტებს აგრეთვე აღსარების საიდუმლოს, რომელსაც გამოძიების მიმდინარეობის პროცესშიც კი იცავს კანონმდებლობა. სავარაუდო ფარული მიყურადება/თვალთვალი ასევე არღვევს კიდევ ერთ ფუნდამენტურ სისხლისსამართლებრივ პრინციპს – ადვოკატსა და კლიენტს შორის კონფიდენციალურ ურთიერთობას, რომლის დაცვის გარეშე შეუძლებელია კლიენტის ნდობის მოპოვება და მისი საპროცესო უფლებების ჯეროვნად შესრულება.

არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, საია წლების განმავლობაში მიუთითებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განუსაზღვრელ და უკონტროლო უფლებამოსილებაზე. არსებული კანონმდებლობა ვერ იცავს პირის პირად ცხოვრებას უკანონო ჩარევისგან. ფარული მიყურადება და თვალთვალი გავლენას ახდენს პირთა თავისუფლებაზე. წლებია საკონსტიტუციო სასამართლოგანიხილავს 2017 წლის 1 ივნისის №1231 სარჩელს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან, კომპიუტერულ მონაცემებთან, მონაცემთა ბანკთან და ზედამხედველობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვან მექანიზმს, მნიშვნელოვანია მის მიერ საკითხის გადაწყვეტა იყოს დროული და ეფექტიანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად უნდა შეაფასოს გასაჩივრებული ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა, თავის მხრივ, ხელი შეუწყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწასა და კანონმდებლობაში ადამიანის უფლებების დაცვის მყარი გარანტიების შექმნას”. – წერია განცხადებაში.

საია-ს შეფასებით, წარსულში პირადი ცხოვრების ხელყოფის არაერთი გამოუძიებელი საქმე კიდევ უფრო ახალისებს და მეტ მასშტაბს სძენს სხვის პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევას. განცხადების მიხედვით, ამ მიმართლებით წლების განმავლობაში საგამოძიებო ორგანოების არაფექტიანი მუშაობის, საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტმა, როგორც მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა შეისწავლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა.

“დადებითად ვაფასებთ მედიასაშუალებების ნაწილის გადაწყვეტილებას მაქსიმალურად დაიცვან არსებული ჩანაწერების გავრცელების პროცესში პირთა პირადი ცხოვრების უფლება. ასევე გვსურს, ჩანაწერების ფიგურანტ პირებს გამოვუცხადოთ სოლიდარობა და საჭიროების შემთხვევაში, გავუწვიოთ სამართლებრივი დახმარება”. – წერია განცხადებაში.

საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას:

  • დამნაშავეთა გამოვლენის მიზნით აწარმოოს დროული, მიუკერძოებელი, ეფექტიანი გამოძიება
  • მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერმანენტულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით

    საქართველოს პარლამენტს:

  • განახორციელოს საპარლამენტო ზედამხედველობა და დროულად შექმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის სუს-ის მხრიდან სავარაუდო მასობრივი უკანონო მიყურადებისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე მათი გავლენის ფაქტებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს:

  • დროულად უზრუნველყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების მომწესრიგებელი კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტა

    13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

წინა სტატიაშიღარიბაშვილი გახარიაზე: კაცი იყო პრემიერ-მინისტრი და გახდა სააკაშვილის მარიონეტი
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი პროკურატურას: „გამოიძიეთ, ჩვენი წევრების და მხარდამჭერების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სისტემური ხასიათი“