საია – კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები შემაშფოთებელია

კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები შემაშფოთებელია, – ამის შესახებ საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული.

საია-ში მიიჩნევენ, რომ „ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, ასევე, უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება“.

„ისინი ან დისტანციურად აღრიცხავენ ხმის მისაცემად მოსულ მოქალაქეებს, ან ფოტო-ვიდეო გადაღებით აღბეჭდავენ უბანზე მისვლის პროცესს. მსგავსი შეთხვევები ვიდეო კადრებზე ზუგდიდის ოლქში #1 და #4 უბნებზე საიას დამკვირვებლებმაც დააფიქსირეს. მართალია, არც ერთი ეს შემთხვევა კანონდარღვევას არ წარმოადგენს, მაგრამ ის დისკომფორტს უქმნის ამომრჩეველს და მათ კონტროლის განცდას უჩენს. ეს უარყოფითი ფაქტები წინა რამდენიმე არჩევნების დროს გამოვლენილი ტენდენციაა და უარყოფითად არის შეფასებული, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ.

კიდევ უფრო შემაშფოთებელია მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კოორდინატორებს მიმართა, ნუ შეუშინდებიან კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს.

„მინდა მივმართო ყველა კოორდინატორს, ვინც სიებით დგას უბნებზე. მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ. ნუ შეუშინდებით მეგობრებო კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებს, თქვენ გაქვთ ამის უფლება და შეგიძლიათ გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა. თუ ვინმე თქვენს საქმიანობაში ხელს შეგიშლით, აუცილებლად მიმართეთ შესაბამის სამსახურებს“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობა ნაყოფია- საარჩევნო გარემო არის საშინელება,დაკავებულები არიან ჩვენი წევრები
შემდეგი სტატია,,ოცნება მალე გადაშენდება და ეს მონები სად მიდიან”-გვარამია გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება