20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

საია: “გავრილოვის ღამის” საქმე მსოფლიოს 25 გამორჩეულ გადაწყვეტილებაში შევიდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში მოგებული 20 ივნისის, ე.წ. „გავრილოვის ღამის“ საქმე, REDRESS-ის სტრატეგიული სამართალწარმოების მსოფლიო სახელმძღვანელოში შევიდა. აღნიშნულ დოკუმენტში საქმე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გლობალური მასშტაბით იმ 25 გამორჩეულ გადაწყვეტილებას შორის მოხვდა, რომლებმაც წამების აკრძალვისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით საერთაშორისო სტანდარტები შეცვალა.

საერთაშორისო ორგანიზაციის სახელმძღვანელოში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ქართულმა საქმემ ევროპის მასშტაბით სამართალდამცავების მიერ კინეტიკური ჭურვებისა და რეზინის ტყვიების გამოყენების წესები მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცია:

„ამ საქმემ განავითარა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა იმაზე, როგორ გამოიყენონ სამართალდამცავებმა იარაღი საპროტესტო აქციების დროს… სასამართლომ ეს საქმე გამოიყენა იმისთვის, რომ საერთაშორისო რბილი სამართლის (Soft Law) სტანდარტები მიუსადაგოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) მოთხოვნებს, რაც ამ სტანდარტებს უფრო შესრულებადს ხდის ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისთვის“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ექსპერტების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, სერიოზულ გავლენას მოახდენს მომავალ სასამართლო პრაქტიკასა და პოლიტიკის რეფორმაზე ევროპის საბჭოს ქვეყნებში, რათა დემონსტრაციების მართვისას პოლიციის მხრიდან მსგავსი სისასტიკე აღარ განმეორდეს.

საია-ში აცხადებენ, რომ სტრატეგიული სამართალწარმოება ორგანიზაციისთვის წამყვანი მიმართულებაა და ისინი აგრძელებენ იმ საქმეების მომზადებას, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოში არსებულ ადამიანის უფლებათა სისტემურ კრიზისს.

banner
წინა სტატიაშიმილიარდზე მეტი ოქროში – თურნავა რეზერვების კიდევ უფრო გაზრდას აანონსებს
შემდეგი სტატია“თვითკმაყოფილების დრო არ არის”- ელენე ხოშტარია