საია განსაკუთრებულად აკვირდება უბნის პერიმეტრზე არსებულ სიტუაციას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შემუშავებული რეგულაციების ფარგლებში საია განსაკუთრებულად აკვირდება უბნის პერიმეტრზე არსებულ სიტუაციას, კერძოდ, 100-მეტრიან პერიმეტრზე ამომრჩევლის ნების კონტროლის მიმართულებით წესების დაცვას.

საია-ს ინფორმაციით, ამ დროისთვისაც აქტიურად გრძელდება პერიმეტრზე ამომრჩევლის ნების კონტროლი.

„გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირების მიზნით, 14 შემთხვევაში დამკვირვებლების მიერ საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. ქუთაისში 63-ე და 90-ე უბანზე გამოძახებული პატრული არ მოსულა. ხოლო ზოგ შემთხვევაში, მიუხედავად უბნის პერიმეტრზე მოქალაქეების მრავლად მობილიზებისა, პოლიცია არ რეაგირებდა.

სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გამოვლინდა დარღვევები, რომლებზეც საიას დამკვირვებლებმა ან საჩივარი დაწერეს, ან შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში. ეს შემთხვევები მოიცავს მარკირების წესების დარღვევას, სადემონსტრაციო ოქმების არასათანადო შევსებას, სათანადო დოკუმენტის გარეშე ხმის მიცემას, კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გადაცვლას წესების დაცვის გარეშე, პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას უბნის შიგნით და Covid-19-ის რეგულაციების უგულებელყოფას.

მარნეულის მე-7 უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა გამოავლინა ძირითად ყუთში კონვერტების ჩაყრის შემთხვევა, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენთვის არ არის ცნობილი კონვერტებში იდო თუ არა ბიულეტენები. საია-მ დაწერა საჩივარი და ამ უბანზე გადათვლა მოითხოვა. ზოგიერთ უბანზე საია-ს დამკვირვებლებზე ზეწოლა მოხდა. მათ არ ეძლევათ საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა“, – აცხადებენ საია-ში.

წინა სტატიაში“დეკანოიძემ დარღვევებზე შესაძლოა, ინფორმაცია გაავრცელოს, თუმცა არ ნიშნავს, რომ სიმართლეა”
შემდეგი სტატიაშსს არჩევნების მიმდინაროების დროს დაფიქსირებულ ინციდენტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს