28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

საია: არაფორმალური სადამსჯელო რაზმები გამოხატვის თავისუფლების ჩახშობის შემაშფოთებელი გაგრძელებაა

საია ეხმაურება MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილის მიერ  ახალი “სახალხო მოძრაობის” დაფუძნების შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებას.

“როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2026 წლის 27 ივლისს თბილისში MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც ახალი “სახალხო მოძრაობის” დაფუძნების შესახებ განაცხადა.

განცხადების მიხედვით აშკარაა, რომ აღნიშნული ჯგუფის მიზანი არაფორმალურად მოქმედება და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების დაშინება ან ფიზიკური ანგარიშსწორება იქნება. დაჯგუფების შემქმნელები იყენებენ ისეთ დეზინფორმაციულ, მადისკრედიტირებელ ლექსიკას, რომელიც ხშირია სახელისუფლებო და პრო-სახელისუფლებო ნარატივებში და აცხადებენ, რომ იწყებენ ბრძოლას “უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ”. გაკეთებულ განცხადებაში ასევე აშკარად ჩანს დაჯგუფების ძალადობრივი ხასიათი (“თუკი შესაბამისი გარემო პირობები სხვა გზას არ დაგვიტოვებს, არც პატიმრობის შეგვეშინდება”).

საქართველოში 2024 წლიდან ადამიანების დაშინების, დევნისა და სისტემური წამების პარალელურად, ასევე კანონმდებლობით მათი უფლებრივი სივრცის მიზანმიმართული შევიწროებისა და პოლიტიკური პატიმრების არსებობის ფონზე, სადამსჯელო რაზმების შექმნა განსაკუთრებით საგანგაშოა. როდესაც პრო-სამთავრობო მედია აქტიურად მონაწილეობს ადამიანების მიზანში ამოღებასა და დემონიზებაში, ეს შეიძლება ძალადობის წაქეზებისა და თანამონაწილეობის ნიშნებსაც ატარებდეს.
სამართლადამცავმა ორგანოებმა უნდა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ზომა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინონ ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობისთვის ადამიანებზე ძალადობის ან მათი დაშინების პრევენცია და აღკვეთა.

სახელმწიფო ინსტიტუტების სტრატეგიული დუმილი და ფორმალურად, დროში გაჭიანურებული გამოძიება ქმნის იმგვარ ინსტიტუციურ გარემოს, რომელიც ამ ძალადობას პირდაპირ ხელს უწყობს”,_ აცხადებს საია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება დაიწყო – მოიგე 1 000 ლარი ყოველდღე ან 10 000 ლარი სუპერპრიზი
შემდეგი სტატიასაქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში: “ოცნების” პოლიტიკის შედეგი იზოლაციაა