საია აბაზოვზე: ექსპერტიზით დადასტურდა, რომ სითხე, რომლის წასმა მოქალაქეს აიძულეს, შარდი იყო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ სითხე, რომლის სახეზე წასმაც მოქალაქეს აიძულეს, შარდი იყო და ამას ექსპერტიზაც ადასტურებს.

ასე ეხმაურებიან უწყებაში არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულმა სახეზე არა შარდი, არამედ ლუდი წაისვა.

“ჩატარდა ბიოლოგიური ექსპერტიზა. მიუხედავად იმისა, რომ თითის ანაბეჭდები უვარგისი იყო და არ დადგინდა, ბიოლოგიური მასალა, შარდი, დადასტურებულია ექსპერტიზის პასუხით, რომელიც საქმეში დევს”, – ამბობს საია-ს იურისტი, ეკა მიდოდაშვილი, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს იცავს.

მისივე თქმით, ექსპერტიზის პასუხი სასამართლოში მტკიცებულებად წარდგენილი იყო.

ჟურნალისტების კითხვას, როგორ გრძნობს თავს დაზარალებული მოქალაქე, ადვოკატი პასუხობს, რომ მას აქვს სტრესი და არ ელოდა, აბაზოვს თუ გაამართლებდნენ.

“ის არის ძალიან დიდ სტრესში, განიცდის. არ ეგონა, რომ მოსამართლე ასეთ გადაწყვეტილებას გამოიტანდა და დამარცხებულად მიაჩნია თავი, ფიქრობს, რომ თავისი სიმართლე ვერ დაამტკიცა. პროკურატურამ მას მოუსპო საშუალება დაეცვა თავისი ღირსება და ეჩვენებინა ხალხისთვის, რომ შეიძლება დაისაჯოს თანამდებობის პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული”, – ამბობს ეკა მიდოდაშვილი.

არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში ამბობს, რომ პირი, რომელსაც სახეზე მისი და ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის საკუთარი შარდის წასმა აიძულა, დაინტერესებული ან გამოყენებული პირია, ჭიქაში კი, მისი მტკიცებით, ლუდი იყო.

2018 წლის 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო მასალა, რომ მარნეულის იმჟამინდელმა მერმა, თემურ აბაზოვმა მარნეულში მცხოვრებ მოქალაქეს, ელჩინ ალახვერდიევს ბოდიშის მოხდა და სახეზე შარდის წასმა აიძულა.

აბაზოვი მეორე დღეს დააკავეს. რამდენიმე თვის შემდეგ, 2018 წლის 13 დეკემბერს მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ნაცვლად 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა და გათავისუფლდა.

12 თებერვალს კი ის რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. მას ბრალი ჯგუფურად დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი. გამამართლებელი განაჩენი დადგა თემურ აბაზოვთან ერთად ბრალდებული სამი პირის – პარლამენტის წევრ აზერ სულეიმანოვის, ქართული ოცნებიდან მარნეულის საკრებულოს წევრის, რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის ე.გ.-ს მიმართაც.

აღსანიშნავია, რომ თემურ აბაზოვი, ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი იყო. ამას როგორც ერთობლივი ფოტოები, ისე დოკუმენტებიც მოწმობს. ამასთან, სასამართლო განხილვების პროცესში ის ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს.

banner
წინა სტატიაში“შემდეგი პოლიტპატიმარი შეიძლება იყოს ნებისმიერი, მათ შორის მეც, მაგრამ ბრძოლა არ გაჩერდება”
შემდეგი სტატიაჩემი გზავნილი ბიძინა ივანიშვილისადმი იგივეა – ის არის ამ სიტუაციაზე პასუხისმგებელი