1993 წლის შემდეგ პირველად, “ვნუკოვოდან” ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შედგა. “ЮВТ аэро” -ს 50 ადგილიანმა Bombardier CRJ-200-მა სოხუმისკენ 49 მგზავრით აიღო გეზი და მოსკოვიდან სოხუმამდე საჰაერო მანძილის დაფარვას 3 საათი და 5-ი წუთი მოანდომა.
საერთაშორისო აეროპორტად რუსეთის მიერ გამოცხადებული სოხუმის აეროპორტი ვლადისლავ არძინბას სახელს ატარებს. აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებელი გახდა ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის დახმარებითა და ხელშეწყობით.

სხვათა შორის, ავიაკომპანია “ЮВТ аэро” -ს საქართველოშიც აქვს ოფისი, მაგრამ მას არ გაუპროტესტებია რუსულ ვებგვერდზე აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ მოხსენიება და რუკაზე წარმოჩენა, თუმცა, საქართველოს ოფისის რუკაზე აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არ არის გამოყოფილი.
აფხაზეთის ე.წ.-მა პრეზიდენტმა ბადრი გუნბამ, რომელიც სოხუმში დახვდა პირველ რეგულარულ ავიარეისს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის აღდგენა რუსეთის დამსახურებაა და რომ ამ ნაბიჯმა უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანა აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობები.
აფხაზურ პრესაში წერენ, რომ სამომავლოდ დაგეგმილია ავიარეისები უფიდან, ყაზანიდან და ნიჟნი ნოვგოროდიდან.
აფხაზური მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელთა აზრით, საქართველოს ხელისუფლება უნდა შეეგუოს, რომ “სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი სრული დატვირთვით იმუშავებს”, – ამის შესახებ ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, ლოლუამ განაცხადა.
“ჩვენ ჩვენი გზით მივდივართ, საქართველო კი წარსულშია ჩარჩენილი და მოწყდა დღევანდელ რეალობას. ადამიანთა გადაადგილების უფლება აღიარებული უფლებაა და სწორედ ამ უფლებას ვიყენებთ ჩვენ,რუსეთის მხარდაჭერითა და თანადგომით”, – დააგვირგვინა ლოლუამ.

რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის რკინიგზის უფროსმა გააკეთა და განაცხადა, რომ რეისები დღეში ორჯერ, სირიუსიდან და სოხუმიდან გაიმართება და, შესაძლოა, კიდევ დაემატოს. საქართველოს ე.წ. ხელისუფლება კი ჯერჯერობით ისევ სირაქლემის პოზაში ყოფნას ამჯობინებს…
















