საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თბილისსა და რეგიონებში ახალი ვიდეოკამერები ამოქმედდა

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, დედაქალაქის მასშტაბით კიდევ 20 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, 550 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს, მათ შორის, 306 ნომრის ამომცნობი და 244 ზოგადი ხედვის კამერა.

„საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხაშურისა და ბორჯომის საავტომობილო გზის მონაკვეთის ორ ლოკაციაზე, ორმხრივი მიმართულებით, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის ორი სექცია ამოქმედდა.

ასევე, სამი სიჩქარის მზომი წერტილოვანი რადარი ამოქმედდა კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავში, სოფელი ვარდისუბნისა და სოფელი ნასამხარალის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. დღეის მდგომარეობით, სრული დატვირთვით ფუნქციონირებს სიჩქარის მზომი 23 წერტილოვანი რადარი.

საქართველოს მასშტაბით კი ჯამში 253 კმ სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, ვიდეოჯარიმების შესახებ მოქალაქეთა დროულად ინფორმირების მიზნით, მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში მობილური ტელეფონის ნომრის განახლების პროცესი გაამარტივა.

„მოქალაქეს, პერსონალური მონაცემების მაქსიმალური დაცვით, მონაცემთა ბაზაში საკუთარი მობილური ტელეფონის ნომრის დისტანციურად შეცვლის შესაძლებლობა აქვს. სატელეფონო ნომრის შესაცვლელად, ავტომანქანის მფლობელები უნდა დაუკავშირდნენ მომსახურების სააგენტოს, ცხელ ხაზზე – 2 41 91 91. შემდეგ, პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, ოპერატორს უნდა უკარნახონ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, თავიანთ მფლობელობაში არსებული ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი, ტექმოწმობის ან შასის/vin კოდის ბოლო 4 ციფრი და განაახლონ მობილური ტელეფონის ნომერი. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომხმარებელთა სატელეფონო მონაცემების ბაზაში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ვიდეოჯარიმის გამოწერის შესახებ.

ჯარიმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, მოქალაქე სარგებლობს 20%-იანი შეღავათით. იმ შემთხვევაში, თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით ეგზავნება, ხოლო ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება.

საგზაო უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. აღნიშნული რეფორმების მიზანია საქართველოს გზებზე მაქსიმალური უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფა. ეროვნული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განვითარების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შედეგები ეტაპობრივად უკვე აისახა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკურ მონაცემებში, კერძოდ, 2017 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულ პირთა რაოდენობა 36%-ით შემცირდა, დაშავებულ პირთა რაოდენობამ კი 5%-ით იკლო“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილის განცხადება პატრიარქის გუშინდელი განცხადების პათოსს სრულად შეესაბამება
შემდეგი სტატია„რაც უფრო მეტად მოექცევა ეს საკითხები სამართლებრივ ჩარჩოებში, მით უფრო ეფექტიანი იქნება ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა“