საგზაო ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციას 8 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება – კვირიკაშვილი

ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის მაღალ ნიშნულზე აყვანისთვის ვგეგმავთ დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, 2017-2020 წლებში დაგეგმილია 14 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საბიუჯეტო ინვესტიციები ამ მიმართულებით.

„ამ თანხიდან 8 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციას, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გავაუმჯობესოთ ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი და გავხდეთ აბრეშუმის გზის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს თავისთავად დამატებითი და გაზრდილი შემოსავლებია ქვეყნის ეკონომიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი მაგისტრალური გზების მშენებლობა უმოკლეს ვადებში მოხდეს. რეფორმების წარმოდგენილი გეგმით 4 წლის განმავლობაში დაიგეგმა მინიმუმ 800 კილომეტრი ახალი გზის მშენებლობა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურებით შეიქმნება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილი, საშუალოდ 1000 ლარიანი ანაზღაურებით

„ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, 2020 წლამდე ტურისტების რაოდენობამ 8 მილიონ ტურისტს უნდა მიაღწიოს, რაც ფაქტობრივად გააორმაგებს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს. ამ პროექტების განსახორციელებლად ჩვენ დონორებისგან მოვიზიდავთ რვა მილიარდ ლარზე მეტს, თუმცა ამისთვის საჭიროა გარკვეული თანხის მობილიზება ჩვენს ბიუჯეტშიც”, – გიორგი კვირიკაშვილი.

banner
წინა სტატიაში1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაიზრდება
შემდეგი სტატიააქციზის გადასახადი იმპორტულ ავტომობილებზეც გაიზრდება : კვირიკაშვილი