საგარეო უწყების წლიურ ანგარიშში აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობაზეც არის საუბარი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2018 წელს ერთსულოვნად დაამტკიცა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მზაობის მკაფიო დასტურია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წლიურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

ანგარიშშია აღნიშნულია, რომ აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირება მოხდა. რეზოლუცია ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს და ხაზს უსვამს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი.

„საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია აშშ-ის კონგრესში წარადგინეს როგორც რესპუბლიკელმა, ასევე დემოკრატმა სენატორებმა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსადმი აშშ-ის კონგრესის ურყევ ორპარტიულ მხარდაჭერას“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ხაზგასმულია, რომ 2018 წელს პირველად შედგა უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის ვიზიტი საქართველოში, სადაც გამართულ შეხვედრებზე მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა.

ასევე, 28 კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, რობერტ ლაითჰაიზერს, ორპარტიული წერილით მიმართა. 25 ოქტომბერს, ამავე საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, რობერტ ლაითჰაიზერს, წერილით მიმართა აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ, აშშ-ის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტედ პომ.

„შედგა პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის არაერთი მაღალი დონის ვიზიტი აშშ-ში, სადაც გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტთან, სახელმწიფო მდივანთან, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, კონგრესმენებთან“, – ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის, დემოკრატიისა და მმართველობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრები.

ანგარიშის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში საქართველო აგრძელებდა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასა და ევროპის ქვეყნებთან არსებული აქტიური თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანაზე. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მეზობელ ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის, აზიისა და ოკეანეთის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განსამტკიცებლად.

წლიური ანგარიში დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიმალხაზ მაჩალიკაშვილი – ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომ სიმართლე ეთქვა
შემდეგი სტატიასანამ ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან, სიკვდილზეც წავალ – რუსთაველზე თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი აქციას მართავს