საგარეო უწყების კომენტარი დე-ფაქტო აფხაზეთში თურქი ბიზნესმენების ჩასვლაზე

22 აგვისტოს “თაიმერმა” დე-ფაქტო აფხაზეთის სამთავრობო მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობა თურქ ბიზნესმენებს შეხვდა, სადაც სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: “ბუნებრივია, ცალკეული ინდივიდების კერძო ვიზიტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია. მსგავსი ქმედებებით და პროპაგანდისტული ნაბიჯებით, ცხადია, რომ ვერ მოხდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაცია.

ცხადია, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – თურქეთი – მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.

ამ ფონზე, რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმები ცდილობენ, უცხო ქვეყნის ცალკეული მოქალაქეებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან კონტაქტების დამყარებას. ისინი ცდილობენ, ამისათვის აქტიურად გამოიყენონ საზღვარგარეთ და, მათ შორის, თურქეთში არსებული ჩერქეზული დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი” – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე დროს, საგარეო უწყება არ აღნიშნავს თურქი ბიზნესმენების მიერ ოკუპაციის კანონის დარღვევის ფაქტს, ან სანქციებზე, რომელიც დე-ფაქტო აფხაზეთში ჩასულ ბიზნეს ჯგუფს დაეკისრება ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო. ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არაფერს ამბობს მსგავს შემთხვევებში თურქეთში საქართველოს საელჩოს პოზიციასა და მათ მიერ მოკავშირე თურქეთის რესპუბლიკასთან ჩასატარებელ სამუშაოებზე, რომ მსგავსი მოქმედებები არ განმეორედეს.

აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა, მათ შორის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა, საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა და სხვები, გუშინ, 22 აგვისტოს, თურქ ბიზნესმენებს შეხვდნენ. თურქული ჰოლდინგ «Gorev Holding»-ის ხელმძღვანელმა ჰუსეინ ტუგაი შენმა მადლობა გადაუხადა მათ მიღებისთვის და აღნიშნა, რომ ეს დღე ორივე მხარისთის ისტორიული იქნება. შენმა თავის სიტყვაში თქვა, რომ თუკი აფხაზეთი თურქეთთან მჭიდრო კომერციულ კავშირებს დაიჭერს, თურქეთს შეუძლია მისი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღიარება – აფხაზურმა apsnypress-მა გაავრცელა

ავტორი: ეკატერინე ლემონჯავა

banner
წინა სტატიაშიპუტინი ამერიკელების მიერ რაკეტის გამოცდას „სიმეტრიულ პასუხს“ გასცემს
შემდეგი სტატიაგერმანულ ძროხებს გამომთვლელი დაუყენეს