საგარეო უწყების განმარტება “თაიმერთან” თურქული ბანკების მიერ აფხაზური საბანკო ბარათების მომსახურებაზე

თურქული ბანკების მიერ აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკური ბარათების მომსახურებასთან დაკავშირებით, “თაიმერთან” კომენტარს აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ორმა მსხვილმა თურქულმა ბანკმა Is Bank-მა და Ziraat Bank-მა აფხაზური ეროვნული საბანკო პლასტიკურ ბარათების – APRA “World-ის მომსახურება დაიწყეს.

მათივე ინფორმაციით, APRA World-ის ბარათები მიღებულია : რუსეთის ფედერაციაში, ბელარუსში, უზბეკეთში, სომხეთსა და თურქეთში.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში “თაიმერს” განუცხადეს, საგარეო უწყება  და ყველა შესაბამისი დარგობრივი უწყება საქმის კურსშია და აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ საკითხზე.

“საზოგადოებისთვის რომ გასაგები იყოს, რეალურად საქმე გვაქვს რუსულ საგადასახადო ბარათ “МИР”-თან და რუსეთის მცდელობასთან, რომ რუსული სისტემით დამზადებულ ბარათ “აფრა”-ს პოპულარიზაციით მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოჩენა.

სინამდვილეში, ბარათი “აფრა” სხვა არაფერია, თუ არა რუსული საგადასახადო ბარათი “МИР”, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონში სახელწოდება “აფრა” აქვს მინიჭებული და აფხაზურ ბარათადაა წარმოჩენილი. რეალურად სისტემა აფიქსირებს მხოლოდ რუსულ საგადასახადო ბარათ “МИР”-ს და ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული იმის იდენტიფიცირება, თუ სადაა დამზადებული “МИР”-ზე მიბმული კონკრეტული საბანკო ბარათი.

აღნიშნულს ადასტურებენ ჩვენი თურქი პარტნიორებიც, რომლებთანაც უკვე შედგა არაერთი კომუნიკაცია.

შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო მუშაობას ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან აღნიშნულ საკითხზე.

მოგეხსენებათ, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მითუმეტეს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა მათგანი ურყევად ატარებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და მჭიდროდ თანამშრომლებს ჩვენთან რუსეთის ნებისმიერი უკანონო მცდელობის აღმოფხვრა-პრევენციის მიზნით.”-აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

banner
წინა სტატიაშიკახიშვილი: ბოლო დროს ვხედავთ პოლიციელებზე გახშირებულ, კამპანიური ხასიათის დარტყმებს როგორც მედიაში, ისევე სოციალურ ქსელებში, რაც იწვევს პოლიციელების დაკომპლექსებას
შემდეგი სტატია“ყველა მოქალაქისთვის კოვიდის მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა სრულიად უფასოა”