საგარეო უწყების დანაშაულებრივი დუმილი თუ უნიათობის აპოგეა?

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მთიანი ყარაბაღის სადაო ტერიტორიას (ე.წ. არცახის რესპუბლიკა) რომელსაც ამჟამად სომხები აკონტროლებენ, სახმელეთო საზღვარი, მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანთან გააჩნია, სადაც საზღვრის პერიმეტრის თითქმის 99% აზერბაიჯანზე მოდის. ცნობილია ასევე ისიც, რომ აზერბაიჯანი ამ რეგიონს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს და დღემდე ყველა მეთოდით იბრძვის მის დასაბრუნებლად. ე.წ. არცახის საზღვარი აზერბაიჯანის მხრიდან, საგულდაგულოდ ჩაკეტილია, რადგანაც ის, ფაქტობრივად ფრონტის ხაზად მიიჩნევა.
ასევე ცნობილი გარემოებაა, რომ ყარაბაღში არსებულ ერთადერთ აეროდრომზე, აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული მუქარის გამო (რომ იქ მიმავალ ყველა თვითმფრინავს ჩამოაგდებენ), არამც თუ საერთაშორისო ფრენები, არამედ სომხეთის მიმართულებითაც კი – ფრენები არ ხორციელდება. როგორც სომხეთის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის, ერთადერთი გზა მთიანი ყარაბაღის სადაო ტერიტორიაზე მოსახვედრად, არის სახმელეთო გზა – სომხეთის ტერიტორიიდან ე.წ. ლაჩინის კორიდორის გავლით. მიუხედავად იმისა, რომ თვითგამოცხადებული არცახი, გაეროს წევრ არც ერთ სახელმწიფოს (თავად სომხეთსაც კი) დამოუკიდებელ ქვეყნად არ უღიარებია, ამ არაღიარებულ რეგიონში ჩასვლა ვიზის გარეშე, სომხეთის მოქალაქის გარდა, სხვას არავის შეუძლია. ვიზებს კი – ერევანში განთავსებულ ე.წ. არცახის რესპუბლიკის წარმომადგენლობაში გასცემენ.
ზემოთ აღწერილი გარემოებებიდან გამომდინარე, გვინდა ვკითხოთ საქართველოს საგარეო უწყებას და პირადად მინისტრ დავით ზალკალიანს, როგორ მოხვდნენ ე.წ. არცახის რესპუბლიკაში მიმდინარე არაღიარებული რესპუბლიკების საფეხბურთო ტურნირზე (CONIFA 2019), ე.წ. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების საფეხბურთო ნაკრები გუნდები? როგორ მოხვდა იქ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რომელმაც სამდღიანი ვიზიტის (2-დან 5 ივნისამდე) ფარგლებში, შეხვედრები გამართა? მიუხედავად იმისა, რომ აფხაზი და ოსი სეპარატისტების ვოიაჟი, სომხეთის რესპუბლიკაში და მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, უამრავი წყაროთი დასტურდება, რატომ დუმს ჩვენი საგარეო უწყება, სეპარატისტებისთვის სომხეთის მხრიდან აშკარა ხელშეწყობის ფაქტზე? ხომ არ არის ეს დუმილი, დანაშაულებრივი და ქვეყნისთვის საზიანო? ან იქნებ, ტერიტორიებდაკარგული ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო უწყებაში, უნიათობის აპოგეასთან გვაქვს საქმე? იმედია ჩვენს კითხვებს ამჯერადაც დუმილით არ უპასუხებს საგარეო უწყება და კიდევ უფრო არ გააღრმავებს იმ ეჭვებს, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, ამ უწყებისა და ზოგადად მოქმედი ხელისუფლების მიმართ გააჩნია!

კახაბერ ადამია ,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

 

banner
წინა სტატიაშიხანდაზმული ცოლ-ქმარი დახმარებას ითხოვს!
შემდეგი სტატიასამეგრელოში შესაძლოა სახალხო მღელვარება დაიწყოს – ვინ ლობირებს ლებარდეში ჰესის მშენებლობას