საგარეო უწყებამ საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნების ერთობლივი განცხადება გაავრცელა

განცხადებაში საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე და არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებზე.

„ვგმობთ, რომ საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული შეჭრიდან ათი წლის შემდეგაც, გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაცია, იმ ფონზე, როდესაც კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება. გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას ამ რეგიონების არაღიარების პოლიტიკისადმი და მოვუწოდებთ ეუთოს მონაწილე ყველა სახელმწიფოს, მოიქცნენ ამგვარად. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

მოვუწოდებთ ეუთოს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში და ხელი შეუწყოს ომითა და საოკუპაციო ხაზით დაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენასა და ჩართულობას.

მეგობარი ქვეყნები ხაზს უსვამენ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების აუცილებლობას, ასევე გამოხატავენ მზაობას, გააორმაგონ ძალისხმევა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული განვითარებების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკობა ახვლედიანი, რომელიც მალხაზ არქანიას საქმეში ფიგურირებს, თანამდებობაზე დანიშნეს – ადვოკატის განცხადება
შემდეგი სტატიაბაჩანა შენგელია მომხდარზე პასუხისმგებლობას განათლების სამინისტროს აკისრებს